ისრაელში შექმნილი კოვიდის წამლის შემოტანაზე საქართველომ უარი თქვა

ისრაელში შექმნილი კოვიდის წამლის შემოტანაზე საქართველომ უარი თქვასაბერძნეთში გაიარა გამოცდის მეორე ეტაპი ისრაელში შექმნილმა წამალმა. პირველი, ისრაელშივე ჩატარებული წარმატებული გამოცდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქვეყანას მძიმე პაციენტები აღარ ჰყავდა, ამიტომ დაიწყო ძებნა იმ ქვეყნის შესარჩევად, სადაც უფრო რთული მდგომარეობა იქნებოდა. საბერძნეთში 90 მძიმე პაციენტიდან 93% უმოკლეს დროში გამოჯანმრთელდა.

საუბარი, რომ ამ პრეპარატით ქართველი პაციენტებიც ისარგებლებდნენ, ჯერ კიდევ მაისში დაიწყო. „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, თბილისს კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის შემქმნელი, ისრაელელი პროფესორი არბერ ნადირი სტუმრობდა. იხილოვის სამედიცინო ცენტრმა მაშინ თანამშრომლობის თაობაზე 10 ათასზე მეტი მიმართვა მიიღო.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ კი კლინიკის ხელმძღვანელობასა და დონორებთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, რომ საქმიანი ურთიერთობები დაიწყოს საქართველოსთანაც, როგორც ჩვენს რეგიონში ისრაელის მეგობარ ქვეყანასთან.

მხარეები, სამომავლოდ, პრეპარატის საქართველოში წარმოებასაც განიხილავდნენ, თუმცა, ეს მოლაპარაკება ჩაიშალა. პრეპარატი საქართველოში არ შემოვა. ეკატერინე ტიკარაძემ მიზეზი მედიასთან განმარტა.

იოავ კიში,  ისრაელის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ამბობს, რომ ქვეყანა მზად იყო, ქართული მხარისთვის დახმარება გაეწია, თუმცა ისრაელში ვერ ხსნიან, რატომ თქვა საქართველომ უარი.

ის ასევე ადასტურებს, რომ შეთანხმებული იყო ეკატერინე ტიკარაძის ვიზიტი ქვეყანაში, თუმცა ისიც ჩაიშალა, გაურკვეველი მიზეზით. წყარო “მთავარ არხს” უყვება, რომ  ვიზიტის ჩაშლა საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ მოახერხა. რატომ – მიზეზი უცნობია. მან ჩვენ ზარებს არ უპასუხა.

“მთავარი არხისთვის” ცნობილი ხდება, რომ აპრილში ისრაელი საქართველოს “ფაიზერსაც” სთავაზობდა. მოლაპარაკება არ შედგა არც ვაქცინის დონაციასთან დაკავშირებით.

ეკატერინე ტიკარაძემ და ამირან გამყრელიძემ დღეს ერთმანეთისგან განსხვავებული განმარტებები გააკეთეს.

ოპოზიციაში კი დარწმუნებულები არიან, რომ მმართველი გუნდი შეთანხმებებს მხოლოდ იმ კომპანიებთან და იმ ქვეყნებთან დებს, საიდანაც ყველაზე მეტ მოგებას იღებს.