რუსთავში ცოტნე აღდგომელაძის მკვლელობისთვის ვანო ზანდარაშვილს 12 წელი მიესაჯა

რუსთავში ცოტნე აღდგომელაძის მკვლელობისთვის ვანო ზანდარაშვილს 12 წელი მიესაჯარუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და სხვისი ნივთის განზრახ განადგურებაში ბრალდებული, ვანო ზანდარაშვილი ერთხმად ცნო დამნაშავედ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ვანო ზანდარაშვილს და იაგო ჯიქურს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მათ გასაშველებლად კონფლიქტში იაგო ჯიქურის დისშვილი ცოტნე აღდგომალეძე ჩაერთო. ვანო ზანდარაშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რაც კვლავ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

“ი.ჯ.-მ დისშვილს მოუწოდა იქაურობა დაეტოვებინა, რის შემდეგაც ც.ა. მოპედით მისი საცხოვრებელი სახლისკენ წავიდა. გზაზე მიმავალ ც.ა.-ს ავტომანქანით ვ.ზ. დაედევნა და შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით მაღალი სიჩქარით ავტმანქანა დააჯახა მას. მიღებული დაზიანებების შედეგად ც.ა. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მოპედი, რომლითაც იგი გადაადგილდებოდა განადგურდა.

სამართალდამცველებმა ვ.ზ. 2020 წლის 22 დეკემბერს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ვ.ზ. სრულად ცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა,” – ნათქვამია ინფორმაციაში.