გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე საქართველოდან მხოლოდ 208 ადამიანი გაემგზავრა

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე საქართველოდან მხოლოდ 208 ადამიანი გაემგზავრაგერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე საქართველოდან მხოლოდ 208 ადამიანი დასაქმდა. გერმანული მხარის მიერ ყოველდღიურად ხდება ახალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, მათ შორის, საშემოდგომო სამუშაობზე. შესაბამისად, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო პერიოდულად ჩააყენებს საზოგადოებას საქმის კურსში არსებული ვითარებისა და სტატისტიკის შესახებ.

– როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოდან მოქალაქეების გამგზავრება დაიწყო 2021 წლის აპრილიდან. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლა და სულ დასაქმდა – 208 საქართველოს მოქალაქე, – განაცხადეს სააგენტოში.

გარდა გერმანიისა, საქართველოს შრომით მიგრაციაზე შეთანხმება გაფორმებული კიდევ 2 ქვეყანასთან აქვს – ისრაელთან და საფრანგეთთან. ისრაელში ძირითადად შინმოვლის სფეროს მიმართულებით, საფრანგეთში კი პროფესიათა ჩამონათვალი ვრცელია, თუმცა „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვაზე, კონკრეტულად რა პროფესიებზეა საუბარი, სააგენტოში ვერ უპასუხეს.

ამასთან, ,,ბიზნესპრესნიუსის” კითხვაზე, თუ როდის შეძლებენ გამგზავრებას საქართველოს მოქალაქეები აღნიშნულ ქვეყნებში, სააგენტოში ასე უპასუხეს:

– კონკრეტულად როდის და რა ვადით გაემგზავრებიან მოქალაქეები აღნიშნულ ქვეყნებში ლეგალური დასაქმების სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების ფარგლებში, ამის თაობაზე საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, როდესაც გამოიკვეთება კონკრეტული ვადები.

ბიპიენი