განმუხურში ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის საქმეზე “ამბებმა” ახალი დეტალები გაარკვია.
მკველელობაში ეჭვმიტანილი ზუგდიდის მკვიდრი კახა კალანდიაა.
ვლადიმერ ვახანიას ახლობელი:
“ვოვა განმუხურში სასტუმროების კომპლექსს აშენებდა და მკვლელობაც იქ მოხდა. მას დანით რამდენიმე ჭრილობა კახა კალანდიამ მიაყენა. მკვლელობის დროს ადგილზე ვახანია, მისი ერთ-ერთი ნათესავი და მძღოლი ყოფილან. მკვლელი და ვახანია ერთმანეთს დიდი ხანია იცნობდნენ. თვითმხილველი ამბობს, რომ ვახანია და კალანდია ოთახში ჩვეულებრივ საუბრობდნენ.
ვოვას ნათესავი მამაკაცი ყავის გასაკეთებლად გავიდა. როგორც ეს ადამიანი ამბობს, მოულოდნელად ხმაური შემოესმა, ოთახში რომ შესულა, თავიდან ვერ მიხვდა, ვოვა დაჭრილი რომ იყო, ეგონა, ჩხუბობდნენ და კალანდიას გაკავება დაუწყია. ამბობს, ისიც ვერ დავინახე, ხელში დანა რომ ეკავაო. მერე ვოვას მძღოლი შემოვარდა და ყვირილი დაიწყო, ვოვა დაჭრილიაო. ვოვა ამ ნათესავის მანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ადგილზე მისვლამდე ჩაააკვდათ ხელში.
ხმა გავრცელდა, ის ადამიანი ვოვას ვალის დაბრუნებას თხოვდაო. ვახანიას არავის ვალი არ ექნებოდა, გამორიცხულია.
საქმე იმაში გახლავთ, რომ კახა კალანდიას ძმა 2009 წელს ნაცებმა ვახანიას საქმეზე სულ ტყუილად დაიჭირეს (თენგიზ კალანდიას ნარკოტიკი ჩაუდეს), მხოლოდ იმის გამო, ვოვასთან რომ ახლობლობდა. კალანდიას საქმე ცალკე იყო გამოყოფილი, არ იყო ვოვას საქმესთან გაერთიანებული. კალანდია ციხიდან გამოვიდა და ცოტა ხნის შემდეგ გარდაიცვალა.
ზუგდიდში ასე იციან, რომ გუშინ კალანდია ვახანიასთან ფულის გამოსართმევად მივიდა. უთქვამს მისთვის, ჩემი ძმა შენ გამო დაიჭირეს და გარდაიცვალა, ამიტომ ფული უნდა გადამიხადოო. ამას მოჰყვა დაპირისპირება და ნახეთ, რითაც დამთავრდა. ვახანიაც და კალანდიებიც ზუგდიდში ცხოვრობენ. კალანდია როცა ესტუმრა, ვოვა ემზადებოდა, ერთ საათში თბილისში უნდა წასულიყო, ვინაიდან მეორე დღეს მოსკოვში მიფრინავდა. ვოვა ძალიან კეთილი ადამიანი და ქველმოქმედი იყო, უყვარდათ ზუგდიდში, ყველას ძალიან დაგვენანა…“
ამბები

