21 წლის ა.ბ-მ ფეისბუქის მეშვეობით 100.000 ლარი მოიპარა

21 წლის ა.ბ-მ ფეისბუქის მეშვეობით 100.000 ლარი მოიპარათბილისში თაბორის მონასტრის მღვდლის, მამა იოანე ცუხიშვილის ფეისბუქის გატეხვისა და მისი სახელით თანხების მითვისების, ასევე სხვა დანაშაულთა გამო, 21 წლის ა.ბ. დააკავეს

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში უნებართვოდ შეაღწია 3 მოქალაქის ფეისბუქის გვერდებზე. ა.ბ. დაუკავშირდა მათ ფეისბუქის მეგობრებს, რომლებიც შეცდომაში შეიყვანა, მოტყუებით გამოართვა ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის „სმს“ პაროლები, რის საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათსავე საბანკო ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხებს დაეუფლა.

ბრალდებულმა, ასევე, 2021 წლის ოქტომბერში უნებართვოდ შეაღწია თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის ფეისბუქის  გვერდზე და აღნიშნული ადამიანის სახელით დაუკავშირდა მის მრევლს. ა.ბ.-მ მრევლს, თითქოს უცხოეთიდან თანხის ჩასარიცხად, მოტყუებით გამოართვა საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის „სმს“ პაროლები, რისი საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათ კუთვნილ ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხებს დაეუფლა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ა.ბ. ფეისბუქის გამოყენებით მოტყუებული მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხებს ირიცხავდა ჯერ ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე, ხოლო შემდგომ საკუთარ საბანკო ანგარიშებზე“ – წერს შსს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მის პირად კომპიუტერში, სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილი დაზარალებულების Facebook-ის გვერდებზე და საბანკო ანგარიშებზე შეღწევის ფაქტები აღმოაჩინა.

გამოძიების მონაცემებით, ა. ბ.-ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ამ ეტაპისთვის 10 დაზარალებული მოქალაქეა, ხოლო ფინანსური ზარალი 100. ათას ლარს შეადგენს. ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა დაზარალებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდოს, ხოლო მიყენებული ზიანის ოდენობამ გადააჭარბოს 300.000 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას, რამაც რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.