ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილი შიმშილობს სამედიცინო შიმშილობით.
– ადამიანები ათასობით დოლარს იხდიან, რათა სამედიცინო შიმშილობით დაამარცხონ რაღაც ავადმყოფობა. სამედიცინო შიმშილობა ნორმალური მოვლენა, როცა ადამიანები 40-დან 60 დღემდე შიმშილობენ ექიმების მეთვალყურეობით. ქართული ჯიგრული გაგებით შიმშილობა არის ის, როცა არაფერს არ ჭამ. სააკაშვილი შიმშილობას მეცნიერული და სამედიცინო მიდგომით მიუდგა.
– იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, თუ როგორ იკვებება საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფაფებით.
– ძალიან უსირცხვილოდ და უნამუსოდ მოიქცა იუსტიციის სამინისტრო. კადრები გადაღებულია შორიდან, სადაც სააკაშვილი რაღაცას იღებს. მაგრამ ეს აშკარად არის სამედიცინო დაწესებულება. სამედიცინო დაწესებულებაში კი არასდროს საჭმელს არ ჭამენ. იქ იღებენ სამედიცინო მკურნალობას. ჭამენ სასადილოში, ან კამერაში. ეს არის დადგენილი წესები. სამედიცინო დაწესებულებაში პატიმარმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო მომსახურება.
ეს ხომ ფარული ჩანაწერი არ არის. ეს ხომ ოფიციალურად გამოაქვეყნა ციხის დაწესებულებამ, ანუ მან დაარღვია პატიმრის სამედიცინო საიდუმლო.
– რამდენად ემუქრება საფრთხე სააკაშვილის სიცოცხლეს?
– ფაქტია, რომ ის თავისი ფეხით არის მისული სამედიცინო პუნქტში, ფაქტია, რომ ის მოძრაობს, მივიდა, დაჯდა და თავისი ხელით ჭამს. მოშიმშილე ადამიანი მე-40 დღეს, როგორც წესი, ვეღარ ჭამს. ის წევს და სხვა კვებავს. თუ ასე განვიხილავთ, მას ჯერ კიდევ გააჩნია სასიცოცხლო რესურსები და აპირებს, ჯერ კიდევ ამ ფორმით განაგრძოს. სიტუაცია მძიმე მაშინ იქნება, როცა ვეღარ იმოძრავებს, დაწვება და მოუწევთ, კვებონ კოვზით ან ზონდით.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა