ქეთევან ჩხაიძე – “ჩემი ქმარი ნოდარ ღუნაშვილი ყოველდღე ძალადობდა ჩემზე… მის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიმიღია”

ქეთევან ჩხაიძე - "ჩემი ქმარი ნოდარ ღუნაშვილი ყოველდღე ძალადობდა ჩემზე... მის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიმიღია"კასპში, მეუღლის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებული ქეთევან ჩხაიძე რუსთავის მე-5 პენიტენციური დაწესებულებიდან „ინტერპრესნიუსს“ წერილს უგზავნის.

„ჩემი მეუღლის მკვლელი მკვლელობის ღამესვე დაბრუნდა, ამიტომ ვიყავი ძალიან შეშინებული. უნდა მეცნობებინა მაშინვე პოლიციისთვის, მაგრამ ვერ გავბედე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. როგორც კი დამიბარეს, იმავე დღეს გამომძიებელს პირველმა მე მოვუყევი მომხდარის შესახებ და ჩემი მონაყოლის სისწორე დადასტურდა კიდეც მოგვიანებით.

ძალიან ბევრს ჰქონდა ეჭვი, რომ შესაძლოა, მკვლელობაში თანამონაწილე ვყოფილიყავი. ჩემი და ჩემი ადვოკატების მიზანი იყო სიმართლის დამტკიცება და მადლობა ღმერთს, დამტკიცდა, რომ ჩემი მეუღლის მკვლელობაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია“, – აცხადებს ბრალდებული.

დაკავებული ქალი მეუღლის ოჯახის წევრების ბრალდებებსაც პასუხობს, რომელთა მიხედვითაც, ღუნაშვილი მან და კახიშვილმა ერთად მოკლეს.

„ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობაში მე, ქეთევან ჩხაიძეს არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია. ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს, რაც ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობასთან ჩემ შემხებლობას დაადასტურებდა. პირიქით, მტკიცებულებებით გამოირიცხა ჩემი მხრიდან მკვლელობაში მონაწილეობა.”

ჩხაიძე აცხადებს, რომ „მოძალადე ადამიანთან არავინ უნდა იცხოვროს“.

„წლების განმავლობაში ვიყავი ძალადობის, წამების მსხვერპლი. თითქმის ყოველდღე ვიყავი ძალადობის ქვეშ, მე კი შვილების გამო ვითმენდი ამ კოშმარში ცხოვრებას. მე ყველა ქალს ვურჩევ, რომ არ გაიმეორონ იგივე შეცდომა, რაც მე, იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის და ერთი დღეც არ იცხოვრონ მოძალადე ადამიანთან,“, – აცხადებს ჩხაიძე.

მიმდინარე წლის 13 მარტს, კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა მისი მეგობარი, 30 წლის ზურაბ კახიშვილი დააკავეს.