ჟურნალისტმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – ვიდეო

ჟურნალისტმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ვიდეო„ძალადობის მსხვერპლი მარტო ქალები არ არიან“ – ამ სათაურით თურქულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როდესაც ის გარკეული ტექნიკური პრობლემის მოგვარებას ცდილობდა.

ეს ყველაფერი კი თურქეთის ქალაქ გაზიანტეპის მერის თვალწინ მოხდა და როგორც კადრებიდან ირკვევა, ფატმა შაჰინის მომხდარზე რეაქცია არ ჰქონია.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ ჰაბერთურქის ჟურნალისმა თავის ტვიტერზე წერილი გამოქვეყნა და ბოდიში მოიხადა.

„საჯაროდ მინდა ბოდიში მოვუხადო ოპერატორს და ქალბატონ მერს ჩემი ასეთი საქციელისთვის“, – დაწერა ჟურნალისტმა.

ასევე, გავრცელდა ოპერატორის კომენტარიც, რომლისთვისაც გაუგებარია, რატომ გაუბრაზდა მას ჟურნალისტი მაშინ, როცა მის დახმარებას ცდილობდა.

„ჟურნალისტმა მთხოვა საეთეროსთან დამეკავშირებინა, ჩემს კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ მისი დახმარება მინდოდა და ჩემი ტელეფონით სარგებლობა შევთავაზე, რაზეც უარი მითხრა – ჩემი ტელეფონით მინდა დაკავშირებაო, მე კი ვცდილობდი მისი ტელეფონით დამეკავშირებინა საეთეროს. ის ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო გამიბრაზდა“, – ჰყვება ოპერატორი.

პრაიმ ტაიმი