კახა წერეთელი – “ხაზარაძის საქმის ბოლო აუცილებლად არის გამართლება”

კახა წერეთელი - "ხაზარაძის საქმის ბოლო აუცილებლად არის გამართლება"სასამართლოს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო მაინც არის განცდა და მოლოდინი იმის, რომ ეს არ არის იმ დარბაზში მიღებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, ამ საქმის ბოლო „აუცილებლად არის გამართლება“.

„პრაქტიკულად სასამართლომ არსებულ სიტუაციაში მოძებნა გამოსავალი, თითქოს არც მწვადი დაწვა და არც შამფური. სასამართლო არ არის ის ორგანო, რომელიც გამოსავალს უნდა ეძებდეს. სასამართლოს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო მაინც არის განცდა და მოლოდინი იმის, რომ ეს არ არის იმ დარბაზში მიღებული გადაწყვეტილება, ეს ძალიან ცუდია და იმედია, რომ ეს ასე არ გაგრძელდება და შეიცვლება.

მტკიცებულებები არსად არ მიდის და არ იკარგება. ამ მტკიცებულებებით შეუძლებელია დანაშაულზე საუბარი. ბევრი წელია ამ სფეროში ვართ, ბევრი საქმე გვინახავს მსგავსი და ამ საქმის ბოლო აუცილებლად არის გამართლება.

იურისტებს გვინდა ერთი რამ – სასამართლო დარბაზში მოლოდინები ეფუძნებოდეს გამოკვლეულ მტკიცებულებებს და არა იმას რა იქნება კარგი, ცუდი, სწორი და არასწორი.

აღნიშნულმა საქმემ ერთი კარგი რამ გააკეთა – ის, რაც ვიცოდით ჩვენ, დავდიოდით სასამართლო დარბაზში, ძალიან ბევრი რამ გახდა ნათელი საზოგადოებისთვის და ალბათ, მხოლოდ ამისთვის ღირდა ამ საქმის წამოწყება სხვა თუ არაფერი“, – განაცხადა წერეთელმა.

12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

იპნ