ლაშა დარბაისელი – “მეტი პერსპექტივა ცალსახად არსებობს, მთავრობასთან ერთი თხოვნა გვაქვს”

ლაშა დარბაისელი - "მეტი პერსპექტივა ცალსახად არსებობს, მთავრობასთან ერთი თხოვნა გვაქვს"2021 წელს საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 56,6%-ით გაიზარდა. როგორც ავტო-იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა დარბაისელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ექსპორტის ზრდა ძირითადად ყაზახეთისა და შუა აზიის ქვეყნების ხარჯზე მოხდა.

ლაშა დარბაისელის თქმით, ყაზახეთთან ასოციაციამ სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმუშავა და იქ მიმდინარე არეულობა ნეგატიურად მოქმედებს ბიზნესზეც,

– ასოციაციამ ფაქტობრივად, პირადი კონტაქტებით ვიმუშავეთ და შევძელით გზის გახსნა ყაზახეთისკენ. ამაში ჩართული იყო ბევრი სახელმწიფო ორგანო და საბოლოოდ, გავედით გარკვეულ დადებით შედეგზე, რაც ჩვენთვის მისაღები იყო, თუმცა არადამაკმაყოფილებელი. ყაზახეთი ბაზარზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდით. ცხადია, დადებითად ვერ აისახება მიმდინარე მოვლენები, მაგრამ იმედი გვაქვს, მალე მოხდება ვითარების დეესკალაცია, რათა შევძლოთ გავაგრძელოთ ბაზრის განვითარება პარტნიორებთან ერთად, – ამბობს დარბაისელი.

2020 წლისგან განსხვავებით, ვითარება სავალალო აღარაა, პერსპექტივა და პოტენციალი ცალსახად არსებობს.

– მეტი პერსპექტივა და პოტენციალი ცალსახად არსებობს. სახელმწიფოსთან გვაქვს ერთადერთი თხოვნა, ვიმუშაოთ შუა აზიის ქვეყნებთან ისე, როგორც ეს ყაზახეთთან მიმართებით მოხდა და შედეგზეც გავედით, – განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

2021 წლის 11 თვეში საქართველოდან 57.982 ერთეული, (417,639 მლნ აშშ დოლარის ღირებულების) მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, რაც პანდემიური 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 56,6%-ით აჭარბებს, თუმცა მკვეთრად ჩამოუვარდება პანდემიამდელ რიცხვებს.

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 90.703 მანქანის რეექსპორტი განხორციელდა, 2020 წელს კი – 37.019 ერთეულის.

ბიპიენი