თბილისში სადგურზე ოქროს ბირჟა დაიხურა

თბილისში სადგურზე ოქროს ბირჟა დაიხურასადგურის მოედანზე, თბილისი ცენტრალში განთავსებული ოქროს ბირჟა დაიხურა. ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელება გახდა. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ინფიცირებულია 55 მოვაჭრე. ინფორმირებული წყაროს თქმით, ზოგიერთმა მათგანმა იცოდა, რომ ვირუსის მატარებელი იყო, თუმცა საიზოლაციო წესებს არ იცავდნენ და სწორედ ეს გახდა კოვიდის გავრცელების მიზეზიც.

“ცენტრალში არსებული ოქროს ბირჟა გუშინ, 22 იანვარს, დაიხურა. 55 მოვაჭრეს ვირუსი უკვე დაუდასტურდა. ზოგიერთი მათგანი სიმპტომების გამოვლენის მიუხედავად, სამუშაოზე მაინც დადიოდა და ასე გავრცელდა ვირუსი.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბირჟა 1 თებერვლამდე არ გაიხსნება, თუმცა რეალურად როდემდე გაგრძელდება ბირჟის ლოკდაუნი, არავინ იცის, კიდევ რამდენს გამოუვლინდება ვირუსი.” – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

მომხდარს ეხმაურება ოქროთი მოვაჭრეების ონლაინ გვერდის ადმინი – “ოქრო სოფიას ჯგუფიდან”

“ბირჟა დაიკეტა ჯერჯერობით 1 თებერვლამდე, ეს ჯერჯერობით, მერე, ან გააგრძელებენ, ან – გახსნიან.

ზუსტად არავინ იცის. 55-მდე ადამიანი კოვიდ დაავადებული აღმოჩნდა. ამიტომ ჯგუფი გადადის მთლიანად ონლაინ რეჟიმში. დავიცვათ წესები, მეგობრებო დღეს ძალიან რთული პერიოდია. თუ ეჭვი გაქვთ რომ შეიძლება კოვიდის მატარებელი იყოთ, ნუ გახვალთ გარეთ და ნუ შეუქმნით სხვას საფრთხეს.

მე თუ მკითხავთ შეგნებულად გარეთ გასვლამ თუ ადამიანმა იცის რომ კოვიდის მატარებელია, უნდა იყოს დასჯადი სხვისი სიცოცხლის საფრთხეში აღმოჩენის გამო.” – წერს სოფია.

პრაიმ ტაიმი