ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე ბადაგონი სასტუმროს აშენებს

 ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე ბადაგონი სასტუმროს აშენებსტერიტორია, რომელზეც კომპანია ბადაგონი სასტუმროს აშენებს, ალავერდის სამონასტრო კომპლექსს ეკუთვნის.
სასტუმრო, ალავერდის მონასტრიდან 200 მეტრში განთავსდება და მას, Alaverdi Resort ერქმევა.
ცნობილი ხდება ისიც, რომ კომპანია ალავერდის ეპარქიას ყოველთვიურად თანხას გადაუხდის, რომლის ოდენობა, მშენებლობის შემდეგ გახდება ცნობილი.

ობიექტის მშენებლობაში, კომპანია 14 მილიონ ლარს დახარჯავს. სასტუმრო 32 ნომრიანი იქნება და წელიწადში 8-10 ათასი ვიზიტორის მიღების შეძლებს.
ნომრებთან ერთად, ტერიტორიაზე განთავსდება კვების ობიექტი და აუზიც.
სიმბოლური კაფსულა მშენებლობის დასაწყებად, ვიცე- პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა, ბადაგონის დამფუძნებელთან და აბბა ალავერდელ მიტროპოლიტთან ერთად, 3 თებერვალს ჩააგდო.
შეხვედრაზე, დავითაშვილმა განაცხადა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ბიზნესის განვითარებას შორის ბალანსი დაცული იქნება.

“საქართველო ვითარდება, ერთი მხრივ, იმ კუთხით, რომ იზრდება ეკონომიკა და, მეორე მხრივ, ვუფრთხილდებით ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებსა და ისტორიულ თუ კულტურულ მემკვიდრეობას”– განაცხადა დავითაშვილმა.
კომპანია ბადაგონის დამფუძნებელს, გოგი სალაყაიას მედიასთან არ დაუმალავს, რომ სასტუმრო ალავერდის ტერიტორიაზე შენდება.

” ჩვენ გვაქვს სამი სარესტორნო სივრცე და ერთი სასტუმრო. ეს პროექტი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო, რადგან ის შენდება ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე, ისეთი დიდი სიწმინდის გვერდით, რასაც ჩვენი ალავერდი ქვია”– განაცხადა სალაყაიამ.

რადიო ჰერეთი ალავერდის ეპარქიის წინამძღოლის, მეუფე დავითის მოსაზრების მოსასმენად, მის სამდივნოს დაუკავშირდა.
სამდივნოს განცხადებით, განმარტება სასტუმროს მშენებლობის საკითხზე, ეპარქიის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, თუმცა, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, ასეთი განმარტება არ მოიძებნა.

ალავერდის სამონასტრო კომპლექსი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლია.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან, ის შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშიც.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის თანახმად, ძეგლთან ხუთასი მეტრის რადიუსში, ყველანაირი მშენებლობა აკრძალულია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში კომენტარის მოპოვება ვერ მოხერხდა, რადგან საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური უკვე გაუქმებულია.
სასტუმროს გახსნას კომპანია ბადაგონი, 2023 წლის აგვისტოში გეგმავს.

ჰერეთი