“ლარის კურსი ხელოვნურად მყარდება” – ნიკა შენგელია

"ლარის კურსი ხელოვნურად მყარდება" - ნიკა შენგელიალარი ფაქტობრივად ყოველდღე მყარდება, თუმცა გამყარებას ფასების არა თუ შემცირება არ სდევს თან, არამედ ფასები ისევ იზრდება. მოსახლეობა კი ყველაზე მეტად ლარის გამყარებას ამ ფაქტორის გამო ელოდა.
რის საფუძველზე მყარდება ლარი და რას უნდა ველოდოთ ფასებთან მიმართებით? – ამ და სხვა საკითხებზე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკა შენგელია საუბრობს.
– ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გვეუბნებოდა, რომ ფასები თებერვლიდან დაიწყებდა დასტაბილურებას. ხედავთ რაიმე ნიშანს, რომ ეს ფასები მაინც შენარჩუნდეს და მისი ზრდა შეჩერდეს?
– ეროვნული ბანკი ბევრ რამეს გვპირდება, მაგრამ ამ თემაზე ჩვენი პროგნოზი გაკეთებული გვაქვს, რომ თებერვალში შენარჩუნდებოდა მაღალი ფასები და ეს ჯერჯერობით უცვლელია. მიუხედავად იმისა, რომ პირველი კვარტლის შემდეგ ინფლაციის შემცირებას ველოდებით. შეიძლება შემცირდეს ინფლაციის მაჩვენებელი, მაგრამ ფასები მაღალი დარჩება და ეს, სამწუხაროდ, გარდაუვალია.
– გასაგებია, რომ არ დაიკლებს, მაგრამ ზრდაც გაგრძელდება?
– ფასების ზრდა პირველი კვარტლის შემდეგ გაგრძელდება, თუ ლარის კურსი იქნება არასტაბილური.
– არასტაბილურობაში იმასაც გულისხმობთ, როგორც დღეს ხდება, რომ ყოველდღიურად მყარდება?
– ვალუტის არასტაბილურობაში ვგულისხმობ იმას, რომ თუ მისი კურსი იქნება 3.0-ზე მაღლა. ასეთ შემთხვევაში ვერ შენარჩუნდება ფასები. როგორც ვხვდებით, ასე გადაწყვიტეს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, რომ ვალუტის კურსის გამყარების ხარჯზე მოთოკოს ინფლაცია და მაღალი ფასები. ჩვენ გვქონდა პროგნოზი დეკემბერში, რომ თებერვლის მეორე ნახევრიდან ველოდებოდით ვალუტის გაუფასურებას და ამის ნიშნები, სამწუხაროდ, ლარს უკვე დაეტყო, მყარდება ბოლო დღეებში და ეს იძლევა საფუძვლიან ეჭვს, რომ ვალუტის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით სინქრონიზებული შეთანხმებაა.
– ხელოვნურად ხდება ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება?
– რა თქმა უნდა. საქართველოს ეკონომიკაში ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ვალუტის კურსი ასე გამყარებულიყო.
– რაში აწყობთ, რომ გაამყარონ? რაიმე მანიპულაციაა?
– ასე სწრაფად არ მყარდება ვალუტა. მაშინ ეკონომიკაში უნდა მოხდეს რაიმე ძლიერი ფაქტორები. ის ფაქტი, რაც ვალუტის კურსს გაამყარებს, არის მსხვილი თანხა. იყო შემოსულობები 2021 წელს, რაც დაეხმარა ლარს, მაგრამ ის, რომ ისტერიული გამყარების მოწმენი გავხდით, ეს ნიშნავს, რომ ხელოვნურად არის გაკეთებული. მაგრამ თუ მოახერხა ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა და ლარის კურსი შეინარჩუნა, ამ ერთი თვის განმავლობაში 2.8-2.9-ის ფარგლებში დაიჭირა ეს კურსი, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით გაზაფხულიდან საქონელსა და მომსახურებაზე ფასები 4-12%-ით გაიაფდეს.
– ანუ, ახლა მთლიანად მთავრობასა და ეროვნულ ბანკზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ იმ ფინანსური პოლიტიკის გაგრძელებას და შენარჩუნებას, რაც დაიწყეს?
– რა თქმა უნდა. მთავრობაზეა დამოკიდებული, რაც ხდება საქართველოში ეკონომიკურ ცხოვრებაში. ამას არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური შეთანხმებაც უნდა. ეროვნული ბანკი განკარგავს, რამდენი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკაში ლარის ოდენობა, რამდენი შეიტანოს და რამდენი გამოიტანოს და თვალყური ადევნოს თავის ფუნქციებს. ეროვნულმა ბანკმა ამას ვერ მიაღწია საპროცენტო განაკვეთის ზრდით და ჩვენ ამას ვხსნიდით, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდა ზევით-ქვევით, ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანდა და მაინც გააკეთეს ისე, რომ საპროცენტო განაკვეთი გაზარდეს. საპროცენტო განაკვეთი რომ არ გაეზარდათ, შედეგი მაინც იგივე იქნებოდა. საპროცენტო განაკვეთი, სამწუხაროდ, აღარ მოქმედებს, ისეთ მდგომარეობაშია შესული მსოფლიო ეკონომიკა. ის ვერ მოთოკავს ინფლაციას.
გაზაფხულიდან საპროცენტო განაკვეთს ამერიკაშიც ზრდიან იმის საჩვენებლად, რომ ინფლაცია მოთოკონ, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ და მიიღებენ უარყოფით შედეგებს. ამის მომსწრეები გავხდებით ჩვენ.
– საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, რისკს ხომ არ სწევენ ლარის კურსის ხელოვნური გამყარებით. იმიტომ, რომ როგორც თქვით, თუ ეს კურსი ვერ შეინარჩუნეს, მაშინ ფასები ისევ მოიმატებსო და ამ მხრივ რისკს ხომ არ სწევენ?
– რა თქმა უნდა, რისკია. ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ლარი გაამყაროს მაქსიმალურად, რომ ეს ფასების გაიაფებას დაეტყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ეს არ გამოუვათ და ლარი დაუბრუნდება 3.15-ის ფარგლებს, საწვავის ფასი მოიმატებს უახლოესი 3 კვირის განმავლობაში და მას 4 ლარამდეც არაფერი დააკლდეს. თუ მთავრობას სურს, რომ ფასები იყოს მეტ-ნაკლებად სტაბილური და ინფლაციის მაჩვენებელი და ფასები ზედმეტად არ იზრდებოდეს, მან ლარის კურსის გამყარებასთან ერთად უნდა აამოქმედოს მეორე ბერკეტი, რასაც ჰქვია საწვავის აქციზის მოხსნა. მინიმუმ, მისი გაუქმება, როგორც დროებითი ღონისძიება. ასევე გამყარებული ლარის კურსის ფონზე გადასინჯოს და შეამციროს გაზრდილი კომუნალური გადასახადები, თუ ამას გააკეთებს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

იაგო ნაცვლიშვილი, „ახალი თაობა“