თებერვალ-მარტში, წინა თვეებთან შედარებით, ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ HR.GE-ს რეგიონალურმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობა IT მიმართულებაა. როგორ ინგა შახბაზიანი ამბობს, აღნიშნული სპეციალობით განცხადებების რაოდენობა 2-3%-ს ვერ სცდებოდა, ბოლო პერიოდში კი 7%-მდე მოიმატა და ყველაზე მოთხოვნადი კადრების ხუთეულში შევიდა.
უფრო კონკრეტულად, სექტორები, სადაც ყველაზე მეტი ვაკანსიაა, ასე გამოიყურება:
გაყიდვების მიმართულება
ჰორეკა სექტორი
საბანკო-საფინანსო
ბუღალტერია
IT სფერო
„თებერვალში განთავსებული იყო 4600 ვაკანსია, ხოლო მარტში – 5000. მატება არის წინა თვეებთან შედარებით, უბრალოდ უფრო მეტი მოლოდინი გვქონდა მარტთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თვე.
ყველაზე მეტი ვაკანსია გაყიდვების მიმართულებით არის, 23%, მეორეზე არის ჰორეკა სექტორი, დაახლოებით,17%. როგორც იცით, აღნიშული მიმართულებით პანდემიის ფონზე იყო პასიურობა, დასაწყისში გააქტიურდნენ, შემდეგ ისევ პასიურობა და ახლა მეორე ადგილზე გადავიდნენ ვაკანსიების დიდი რაოდენობით. შემდეგ მოდის საბანკო და საფინანსო სფერო; მეოთხე ადგილზეა ბუღალტერია-ფინანსები, შემდეგ უკვე მოდის IT მიმართულება 7%-ით, რაც აღსანიშნავი ფაქტია, რადგან მანამდე 2-3%-ს ვერ სცდებოდა.
რაც შეეხება დღიურად განთავსებული ვაკანსიების რაოდენობას, დაახლობით, 200-დან 300-მდე განცხადება იდება“,- ამბობს ინგა შახბაზიანი.
მისივე ინფორმაციით, ვაკანსიებისგან განსხვავებით, არ შეცვლილა სამსახურის მაძიებელთა რაოდენობა.
„დასაქმების მსურველთა რაოდენობა არ შეცვლილა. დღეში სტაბილურად 70-დან 150-მდე (ზოგ შემთხვევაში 200-მდეც) ადამიანი რეგისტრირდება. საერთო ჯამში კი, საიტზე 134.000 სამუშაოს მაძიებელია დარეგისტრირებული“,- აღნიშნავს ინგა შახბაზიანი.
ბიპიენი

