ნიკო კვარაცხელიას დედა იზო ომაძე – “ჩემი შვილის მკვლელებს გაგარინზე მკვლელობის დამკვეთები ელოდნენ”

ნიკო კვარაცხელიას დედა იზო ომაძე - "ჩემი შვილის მკვლელებს გაგარინზე მკვლელობის დამკვეთები ელოდნენ"მაქვს ვერსია, ალბათ, ვიღაცას არ სურდა ნიკოსნაირი წარმატებული ახალგაზრდა – ეჭვს გამოვთქვამ, რომ მკვლელობა ნიკოს საქმიანობას უკავშირდება, ოჯახს მტრები არ ჰყოლია, – ამის შესახებ Feedc-ის დამფუძნებლის, ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ იზა ომაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ იზა ომაძემ აღნიშნა, მისი შვილის მკვლელები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან და დარწმუნებულია, რომ მოსამართლე პარასკევს, საქმეზე განაჩენს აუცილებლად გამოიტანს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულის მუხლით.

„აუცილებლად დაისჯება მკვლელი კავილაძე და მკვლელი ჭელიძე მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი გადარჩნენ, გადარჩნენ თქვენი სხვა თანატოლები და ჩვენი ქვეყანა შედგეს. დღეს, დემაგოგმა უფლებადამცველებმა ძალიან ბევრი ტყუილი ილაპარაკეს. გამახსენდა სტუდენტობა, როდესაც ლექტორი თავისთვის ყვებოდა და ჩვენ ვიჯექით. არავის არაფერი მოუსმენია. უფლებადამცველი ზაზა დათუკიშვილი ძალიან ბევრ ტყუილს ამბობდა. ორივე მკვლელია, მათ ჰყავთ დამკვეთები და თანამზრახველები. მთელმა საქართველომ იცის, რომ მათ ჰყავთ დამკვეთები, ეს ფიგურირებს გამოყოფილ საქმეში და ეს გამოყოფილი საქმე, მეორე ნაწილი აუცილებლად უნდა აღსრულდეს“, – აცხადებს იზა ომაძე.

ამასთან, როგორც კვარაცხელიას დედამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი შვილის მკვლელობის შემდეგ გიორგი კავილაძეს და აკო ჭელიძეს გაგარინის მოედანზე ნაქირავებ ბინაში მკვლელობის დამკვეთები ელოდებოდნენ.

დედა ირწმუნება, რომ ეს არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც მათ თვითონ გიორგი კავილაძის ოჯახისა და ახლობლებისგან მიიღეს.

„მაშინ, როდესაც ნიკო ჯერ სახლში გვყავდა და ჩვენთვის ურთულესი დღეები იყო, მათ ეშინოდათ, რაიმე შურისძიება არ ყოფილიყო. ჩვენ ვართ ქრისტიანები, მე და ჩემი მეუღლე კიდევ ოთხ შვილს ვზრდით და არასდროს მოგვივა ტვინში ვინმეზე შური ვიძიოთ ან მსგავსად მოვიქცეთ. ისე, როგორც კავილაძის დედა ზრდის შვილს, ისე არასდროს მოვიქცევი. კავილაძის აღიარება გაგვაგებინეს [ოჯახის ახლობლებმა] რომ გაგარინის მოედანზე დამკვეთები ელოდებოდნენ, რომ წასულიყვნენ ზუსტად არ ვიცი სად, მაგრამ ალბათ, საბჭოეთის რომელიმე ქვეყანაში“, – განაცხადა იზა ომაძემ.

როგორც მან აღნიშნა, თუ ვინ ელოდებოდნენ ნაქირავებ ბინაში კავილაძეს და ჭელიძეს, ამის თაობაზეც გახდება ცნობილი.

„როდესაც საქმის მეორე ნაწილის განხილვა დაიწყება და იქიდან გარკვეულ პირებს დააკავებენ, აუცილებლად გაცხადდება სახელი და გვარები. მერწმუნეთ, რომ გაცხადდება. ვფიქრობ, რომ ისინიც საწყლები არიან და ვიღაცამ მოინდომა საბჭოური კომპოტის მოხარშვა და ყველა ეს ახალგაზრდა იქ ჩაყარა. ისინიც მათი თანატოლები არიან, შეიძლება ცოტა დიდები“, – აცხადებს იზა ომაძე.

დედის თქმით, მისი შვილი ნიკოლოზ კვარაცხელია იყო წარმატებული ახალგაზრდა, რომელიც თავის საცოლესთან ერთად ინოვაციურ პროექტზე მუშაობდა, პროექტი კი საქართველოსთვის წარმატების მომტანი იყო.

„არ ვიცი, ვინ როგორ გადაწყვიტა, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ნიკოს თანატოლ ბიჭებთან არანაირი საერთო არ ჰქონდა, მათ არ ჰქონდათ არანაირი უფლება და დარწმუნებული ვარ, არც სურვილი, რომ ნიკო მოეკლათ… მე მაქვს ვერსია, რომ ვიღაცას არ სურდა ალბათ ნიკოსნაირი წარმატებული ახალგაზრდა. არ დააფიქსიროთ ისე, თითქოს მის საქმიანობას ვუკავშირებ, მაგრამ მე ეჭვს გამოვთქვამ, რომ მის საქმიანობას უკავშირდება. ოჯახს მტრები არ ჰყოლია. თუ გაქვთ ჩვენი ოჯახის ინტერესი ნებისმიერი შემიძლია სტუმრად მოგიწვიოთ და გაგაცნოთ ჩემი მეუღლეც, შვილებიც და გაჩვენოთ, რითი ვართ დაკავებული 24 საათის განმავლობაში. ჩვენ მტრები არ გვყავს“, – განაცხადა იზა ომაძემ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომლის მიხედვითაც გამორიცხავს თუ არა იმას, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეში შესაძლოა ფიგურირებდეს წლების წინ მოსკოვში მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას შვილები.

„ამ ძმებზე შემიძლია გითხრათ, რომ მე მათ არ ვიცნობ. მეც თქვენსავით ვიცი, რომ ისინი ფიგურირებენ ამ საქმეში. ამ ახალგაზრდა, 22-23 წლის ბიჭებს არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ იმის, რომ ნიკოზე შური ეძიათ. ამიტომ, მე არ ვიცი, გამოყოფილ საქმეში მათი გვარები ნამდვილად არის ნახსენები, თუ არა. ისინი ჩვენთან კონტაქტზე არ გამოსულან. როგორც ვიცი, კონტაქტზე არავისთან გასულან და საერთოდ სად არიან, არავინ იცის“, – განაცხადა იზა ომაძემ.