მართალია, გაზაფხული უკვე მეორე თვეა კარს მოგვდგომია, თუმცა მზიანი ამინდები ჰორიზონტზე ჯერ მაინც მკრთალად ირეკლება. ეს ის პერიოდია, როდესაც სახლიდან გასვლისას დანამდვილებით ჯერ არ იცი შეგცივდება თუ პირიქით, დაგცხება. ასეთ დროს, სასურველია ამინდის პროგნოზის შემოწმება.
გამომდინარე იქიდან, რომ ცივ ამინდში აუცილებელი ხდება სახლში საარსებოდ საჭირო ტემპერატურა მუდმივად იყოს შენარჩუნებული, მნიშვნელოვანია ის ტექნიკა, რითაც ვთბებით. სწორი გათბობის სისტემის ქონა იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც ზაფხულში, ცხელ ამინდში, კარგი კონდიციონერი და მისი სწორად შერჩევა. კონდიციონერების არჩევისას აჯობებს გულდასმით განიხილოთ ალტერნატივები და წინასწარ მოიძიოთ ინფორმაციები, რადგან მისი გამოყენება მინიმუმ რამდენიმე წელი მაინც მოგიწევთ.
გაზზე მომუშავე სისტემით შესაძლებელია მთელი სახლის გათბობა გაზის ქვაბში წყლის გაცხელებით და მისი მიმოქცევით. ამ ტიპის სისტემებს არ ახასიათებთ გაცხელებულ ჰაერის ან თუნდაც მტვრის გამოფრქვევა, რაც საკმაოდ კომფორტულს ხდის და იდეალური ვარიანტია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ალერგია ტანჯავს. ყურადღება უნდა მიაქციოთ გათბობის ქვაბებს, რადგან რაც უფრო მაღალი ეფექტიანობისაა, უფრო მეტადაა ეკონომიური, მაღალ ეფექტიანობად კი ითვლება 89%-94%. უპირველესად, უნდა გაიზომოს ბინის თბოდანაკარგი, რაც ბინის მდებარეობის მიხედვით განსხვავდება და ბოლო სართულს გააჩნია სხვა, კუთხის ბინას სხვა და შუა ბინას სულ სხვა, რის შემდეგაც გაკეთდება თბოპროექტი.
მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად მოხდეს გაზის ცენტრალური გათბობის სისტემისა და ქვაბის შემოწმება ორ წელიწადში ერთხელ. ასევე, სასურველია გასასუფთავებელი სამუშაოების ჩატარება მოხდეს ყოველთვიურად, სისტემის ეფექტურად მუშაობისთვის. საბოლოო გადაწყვეტილებას მიღებამდე, ასევე, უნდა განისაზღვროს რა ტერიტორიაზეა საჭირო გათბობა და რა მოცულობისაა, რათა წინასწარ შეარჩიო შესაბამისი ადგილი გათბობის ქვაბისთვისა და რადიატორისთვის.
გათბობის ქვაბები – ცენტრალური გათბობის სისტემის მთავარი კომპონენტია და სხვადასხვა ზომისა და მონაცემებისა არსებობს, შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებამდე, აჯობებს ამ ნაწილს პროფესიონალთან თუ გაივლით და შეამოწმებთ საკუთარ ბინას, რის შემდეგაც დაადგენთ რა ტიპის ქვაბია საჭირო, რის შერჩევასაც ბიუჯეტის მიხედვით შეძლებთ.
მონტაჟის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ აწ უკვე გარემონტებულ ბინაში მილების გაყვანა ხდება გარედან, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, შედარებით საშუალო ხარისხის მილებიც კი დასაშვებია. შავი კარკასის შემთხვევაში კი, როდესაც მილები გაივლის იატაკის ქვეშ, ფუნდამენტურადაა აუცილებელი, რომ ეს მილები იყოს უმაღლესი ხარისხის, რადგან მომავალში არ გამოიწვიოს იატაკის აყრა და მილების გამოცვლა, რაც საკმაოდ რთულსა და ძვირიან პროცესს წარმოადგენს.
გათბობის სისტემის ეკონომიურობისთვის აუცილებელია თბოპროექტის გაკეთება, როს შემდეგაც უკვე რადიატორის არჩევის პროცესი მოდის, რომელიც ანაწილებს სითბოს სწორად და აღარ იქმნება ქვაბის მაღალ გრადუსზე დაყენების საჭიროება. სახლის კედლებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და თუ ისინი სქელია, ანუ შეუძლია სითბოს შენარჩუნება, რადიატორების შედარებით მცირე სექცია იქნება საჭირო ბინის გასათბობად.
საკმაოდ ხშირად, ცენტრალური გათბობის მოხმარებისას, ახალი ქვაბის დაყენებისას, ადამიანების დიდი ნაწილი იყენებს მეორად რადიატორებს, რაც არაა კარგი საქციელი. გაითვალისწინე, რომ ახალი ქვაბის დაყენებისას რადიატორებიც აუცილებლად ახალი უნდა იყოს, რადგან ქვაბებიც და რადიატორებიც საშუალოდ 10-15 წელიწადში იცლება, ხოლო ძველი რადიატორები შეიძლება არაეფექტური და საშიში იყოს.

