თბილისში სახლები ყველაზე ძვირია მთაწმინდაზე, ყველაზე იაფი – გლდანში

თბილისში სახლები ყველაზე ძვირია მთაწმინდაზე, ყველაზე იაფი - გლდანში2022 წლის იანვარ-მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბინებზე ფასი 4.5%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.4 პროცენტი შეადგინა.

ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2022 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.4 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2 პროცენტი). 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა ასევე დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 4.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 1 პროცენტით.

„საქსტატმა“ გამოაქვეყნა კერძო სახლების ფასები 1კვ. მეტრზე, თბილისის სხვადასხვა უბნის მიხედვით:

მთაწმინდა – 3 470 ლარი;
ვაკე – 3 090 ლარი;
დიდუბე – 2 980 ლარი;
საბურთალო – 2 730 ლარი;
ისანი – 2 685 ლარი;
კრწანისი – 2 360 ლარი;
ჩუღურეთი – 2 260 ლარი;
სამგორი – 2 035 ლარი;
ნაძალადევი – 1 840 ლარი;
გლდანი – 1 675 ლარი.

ბიპიენი