“ლიკა პირველად ბათუმში დავინახე ახლოდან და მაშინვე შემიყვარდა… მერე ერთმანეთი ჩემს ამხანაგთან და ლიკას ნათესავ დევი ხეჩინაშვილთან გავიცანით… შეყვარებულებს ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ისეთივე, როგორიც სხვა ყველა შეყვარებულ წყვილს აქვს ხოლმე.
ჩვენი ეს ურთიერთობა 3 წელი გაგრძელდა, მერე კი დავქორწინდით… ლიკა საკმაოდ მშვიდი გოგონა იყო. შეყვარებულობის პერიოდში, როგორც სხვებს სჩვევიათ ხოლმე, ლიკა მათგან განსხვავებით, სულაც არ მაწვალებდა, თუმცა ბევრს ვჩხუბობდით კიდეც. ესეც ალბათ, ძალიან რომ გვიყვარდა ერთმანეთი, იმის გამო ხდებოდა…“ – ასე იხსენებდა წლების წინ ინტერვიუში ლიკას გაცნობას, ლეგენდარული მსახიობის ქმარი, სანდრო თაქთაქიშვილი.
წყვილის ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. მათ საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მოგვიანებით ლიკა იხსენებდა, რომ დედამთილ-მამათილთან და ქმრის ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. როგორც კი მსახიობი ორსულად დარჩა მისი მეუღლე მოსკოვში წავიდა, სადაც სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა და ეს წადი-მოდის პერიოდი 20 წელს გაგრძელდა.
მსახიობს მიაჩნდა, რომ შორ მანძილზე ურთიერთობა არ არსებობდა და რეალურად ნამდვილი სიყვარული, მეორედ გათხოვებისას ლევან შანიძესთან განიცადა. მსახიობის პირველი მეუღლე საბოლოოდ საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ქართველი მეცნიერი სანდრო თაქთაქიშვილი, ვაშინგტონში, აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის სააგენტოში (ნასა) მოღვაწეობს. მოგვიანებით მამამ თავისთან წაიყვანა საცხოვრებლად საერთო შვილი ლევან თაქთაქიშვილი.
ლევანი მეუღლესთან და შვილთან ერთად წლებია, ამერიკაში ცხოვრობს.
მსახიობის ერთადერთი შვილიშვილი, სანდრო თაქთაქიშვილი ბაბუის სახელს ატარებს და ძალიან ჰგავს ბებიას. წლების წინ, ბავშვის ფოტოების სოციალურ ქსელში გამოჩენას საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა. სანდრო უკვე 11 წლისაა, სკოლის მოსწავლეა და მშობლებთან ერთად შტატებში ცხოვრობს.
ამბები