„მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას იწყებს“ –  დავით ტაბიძე

„მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას იწყებს“ -  დავით ტაბიძესაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი წარადგინა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მომავალი წლის ბიუჯეტი ისეთ საკითხებს ეთმობა, როგორიცაა სოციალურად დაუცველთა დახმარება, დევნილთა ბინებით უზრუნველყოფა, დასაქმების პროგრამა და განათლების რეფორმა. ბიუჯეტი დღეს, 30 ნოემბერს, პარლამენტს წარედგინება.

განათლების რეფორმა საბავშვო ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციას გულისხმობს. იმის გასარკვევად თუ როგორ განხორციელდება ახალი პროგრამა, Pia.ge მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს დაუკავშირდა.

მისი თქმით, 2030 წლისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღები იქნება.

„ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამაში და სარეაბილიტაციო ბაღების შერჩევის პროცესში. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. ახალი პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. პროგრამის დასრულების შემდეგ, 2030 წლისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღები გვექნება“, – განაცხადა ტაბიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი პროგრამა, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის და 500 სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

„კიდევ მინდა გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი. განათლების მიმართულებით ჩვენ, გახსოვთ, რომ 400 მილიონი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი. ამის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მაგრამ ჩვენ დამატებით კიდევ 150 მილიონ ლარზე მეტს მივმართავთ განათლების დაფინანსებაზე. მინდა, რომ გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე. იცით, რომ ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ქვეყნის მასშტაბით. ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ, ჩემი დავალებით, დაამუშავა ეს საკითხი. გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა. ეს პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად და პირველ ეტაპს დავიწყებთ 2023 წლის 1 იანვრიდან. ამ პროგრამის დაფინანსებაში მიიმართება 100 მილიონი ლარი. სულ, ჯამში, დაგვიჯდება 1,3 მილიარდი ლარი და სრულიად რეაბილიტირდება და აშენდება ახალი ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, 30 მილიონ ლარზე მეტი მიიმართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა პრემიერმა.