რა არის ცნობილი 21 წლის სერიულ მკვლელ მიხეილ ჩხიკვიშვილზე

 რა არის ცნობილი 21 წლის სერიულ მკვლელ მიხეილ ჩხიკვიშვილზეტერორიზმში ბრალდებულ, 21 წლის საქართველოს მოქალაქეს ხელბორკილები მოლდოვაში ჩასვლისთანავე დაადეს. მიხეილ ჩხიკვიშვილის დასაკავებლად, სპეცოპერაცია კიშინიოვის აეროპორტში ჩატარდა. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა ინტერპოლით ძებნილის დაკავების ორდერი ამერიკელი სამართალდამცველებისგან მიიღეს. სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ჩხიკვიშვილი, რასობრივ ნიადაგზე, ბავშვების მოწამვლას გეგმავდა.

მიხეილ ჩხიკვიშვილი , კიშინიოვში სტამბოლიდან ჩაფრინდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელსაც საზღვრის გადაკვეთის უფლება არ ჰქონდა და ის პოლიციამ უკან გააბრუნა. თანმხლები პირის ვინაობა, ამ ეტაპზე, უცნობია.

21 წლის ქართველის დაკავებაზე ინფორმაცია, საჯაროდ, ამერიკის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. გამოძიებით დადგინდა, რომ ჩხიკვიშვილმა გეგმა 2023 წლის ნოემბერში შეიმუშავა. ეძებდა თანამზრახველსაც, რომელიც, ახალი წლის ღამეს, სანტა კლაუსის ფორმით, ბრუკლინის ერთ-ერთ ებრაულ სკოლაში შევიდოდა და მოსწავლეებს მოწამლულ ტკბილეულს დაურიგებდა.

ამერიკელი სამართალდამცველების ინფორმაციით, მიხეილ ჩხიკვიშვილმა თანამზრახველი იპოვა. მოუყვა გეგმის შესახებ, თუმცა, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვერსიით, ე.წ. მოკავშირე გადაცმული ოფიცერი აღმოჩნდა და დანაშაულებრივი სქემაც გაიშიფრა.

ამერიკის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩხიკვიშვილი ნეონაცისტური დაჯგუფების – “მანიაკთა მკვლელობების” კულტის ლიდერი იყო. ჯგუფის წევრების მიზანი წესრიგის დარღვევა, ძალადობრივი გზებით, საზოგადოებაში ქაოსისა და შიშის დანერგვაა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, 2021 წლიდან, მიხეილ ჩხიკვიშვილი მანიფესტს სახელწოდებით: “მოძულის სახელმძღვანელოს” ავრცელებდა. 21 წლის მამაკაცი სხვებსაც მასობრივი მკვლელობების ჩადენისკენ მოუწოდებდა. მიმდინარე გამოძიების ფარგებში, ამერიკელმა სამართალდამცველებმა ამ ფაქტის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები მოიპოვეს.

ამერიკის გენერალურმა პროკურატურამ მიხელ ჩხიკვიშვილს ბრალი ძალადობრივი აქტების დაგეგმვის, მოწოდების, ასაფეთქებელი მასალების დამზადებისა და გამოყენების მუხლებით წარუდგინა.

მიხეილ ჩხიკვიშვილი თბილისში, საბურთალოს რაიონში ცხოვრობს. „კურიერი” მისამართზე მივიდა, თუმცა ბინის კარი არავინ გააღო. მეზობლები ჰყვებიან, რომ 21 წლის მამაკაცი, რამდენიმე დღეა, არ უნახავთ.

მიხეილ ჩხიკვიშვილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ამერიკული მართლმსაჯულების მიხედვით, 50 წლამდე პატიმრობა ემუქრება.