ლია ლიქოკელი – “შუახნის კაცმა დამიჭირა ქუჩაში და მიზელდა ძუძუებს, მე ხმა ვერ ამოვიღე…”

ლია ლიქოკელი - "შუახნის კაცმა დამიჭირა ქუჩაში და მიზელდა ძუძუებს, მე ხმა ვერ ამოვიღე..."პოეტი ლია ლიქოკელი სოციალურ ქსელში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას #მეც #metoo ეხმაურება საკუთარი ისტორიით:

,,მგონი ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ვიტყვი, რომ #მეც#MeToo.

გვიანი შემოდგომაა, მზიანი დღის ბოლო სკოლაში. მარტო ვარ კლასში, და ორი ჩემი კლასელი ბიჭი შემოდის და ოთახის კარს კეტავენ შიგნიდან. მიკვირს. რაღაც სხვანაირად შემოვიდნენ, კარი ჩაკეტეს და თავზე დამადგნენ. ერთი ამბობს: “კურტკები მაინც გავიხადოთ, სხვას თუ არაფერს იხდით”. და იხდის ქურთუკს. რაღაც ხდება, ასე რატომ მელაპარაკებიან. ვზივარ. ადექი, მეუბნებიან. არ ავდგები, ვამბობ მე. ძალიან მიახლოვდებიან, ძალიან. ვზივარ. მეორემ მუხლები გამაწევინა, დავიძაგრე, მთელი ძალით შევეწინააღმდეგე, მაგრამ მომერია, ძალით გამაშლევინა ფეხები და მუხლებსშორის ჩამიდგა. ძალიან ახლოს, ძალიან. მეხებიან. და მელაპარაკებიან. ცუდად. ღმერთო, რა ცუდად. არ მახსოვს, რა სიტყვებით, ჩემმა ტვინმა არ დაიმახსოვრა. უბრალოდ, საზიზღრობებს მელაპარაკებიან და მეხებიან. მე ვიმეორებ: კარი გააღეთ. კარი გააღეთ. კართან ბავშვები მოგროვდნენ და ღრიჭოდან იჭვრიტებიან. ჯერ მრცხვენოდა, ახლა უკვე მეშინია. გარეთ მინდა გასვლა. იქნებ ვინმემ კარი გააღოს. მეტი არაფერი არ მინდა. ხმას არ ამოვიღებ.
კარი გააღეს. ბოლოსდაბოლოს რომელიღაც მასწავლებელი მოადგა და იძულებულები გახდნენ, გაეღოთ. რა მოხდა? კითხულობენ. არაფერი, ვამბობ მე. არაფერი, უბრალოდ ვლაპარაკობდით.
და მე ამაზე არასოდეს ვილაპარაკებ. არც სახლში, არც ბავშვებთან. მე ამას ვივიწყებ. უბრალოდ, მეზიზღება, და – მეზიზღება ჩემი თავი ამ ამბავში – ეს მნიშვნელოვანია, ამიტომაც უნდა დავივიწყო, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამავიწყდება. და ჩვეულებრივად ვაგრძელებ მათთან ერთად ცხოვრებას. სკოლაში სიარულს. სიცილს. ისინიც ასე, ვითომ არაფერი მომხდარა.
ჰო, მგონი ეს იყო პირველი. იყო სხვებიც იქვე, და მერე – უკვე ქალაქში – ვინ მოთვლის. პირველი აქაურიც მახსოვს: ჯერ კიდევ ბავშვს, დაბალი, შუახნის მელოტი კაცი მომყვება მეტროდან, გვიან საღამოს, და ცდილობს სადღაც წამათრიოს. იმიტომ რომ გავუღიმე. მეტროში, ვაგონში, შემთხვევით (?) რომ დავეჯახეთ ერთმანეთს და მოვუბოდიშე და გავუღიმე. მე ჯერ არ ვიცი, რომ არასოდეს, არასოდეს არ უნდა გავუღიმო ასე კაცებს, და არ შევხედო თვალებში. ამის შემდეგ მეცოდინება. ახლა გავიქცევი. თავქუდმოგლეჯილი. და ამის შემდეგ აღარავის შევხედავ.

თუმცა მაინც მეხებოდნენ ტრანსპორტშიც და მაინც მომყვებოდნენ ქუჩაში, თუ შემომიღამდებოდა. მახსოვს, როგორ შევვარდი გზად აფთიაქში და უნებურად პირდაპირ დახლს მიღმა გადავძვერი სრულიად გონდაკარგული და იქ ქალებმა დამამშვიდებლები დამალევინეს მას შემდეგ, რაც ორმა ბიჭმა დამიჭირა ქუჩაში და გაბორკილი მათრია ნახევარი ქუჩა. თან მკოცნიდნენ. მლოშნიდნენ – მაშინ ვიგრძენი ეს სიტყვა. როგორღაც დავუსხლტი, აღარ მახსოვს, და ის აფთიაქი იყო იქვე.
ისიც მახსოვს, უკვე გვიან, გაზრდილს და აღარ მშიშარას, როგორ მისრისა ძუძუები ერთმა კვლავაც შუახნის, აყუდებულმა კაცმა, ფრიად სოლიდურად რომ გამოიყურებოდა, დამიჭირა ქუჩაში, ხალხმრავლობაში, ვიწრო გასასვლელში მიმიმწყვდია და მიზელდა მკერდს მშვიდად, და მე ხმა ვერ ამოვიღე, და მარტო იმას ვფიქრობდი, რომ ლიფი არ მაცვია და ალბათ ამ ჯემპრის მიღმაც ჩანს რომ არ მაცვია და ეს გამომწვევია და უნდა ჩამეცვა ლიფი, ჩემი ბრალია, ამიტომაც მოიქცა ასე. ღმერთო, რამდენჯერ მიფიქრია, რომ ჩემი ბრალია.
და არა მხოლოდ ასეთ ამბებში, ყოველთვის, უკვე მერე, სხვა კაცებთან, ჩემს კაცებთან, მე ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრალია, თუ რამე ისე არ არის. მე ვიწვევ. მე ვარ ცუდი, საზიზღარი, ნაკლული, და მოსახმარი – მე ამას ვიმსახურებ.
და თუ ვინმეს მოყოლილი ისტორიები საკმარისად მძაფრი არ ეჩვენება, თუ სასაცილო ეჩვენება, შემიძლია, დაწვრილებით მოვუყვე მთელ ჩემს ცხოვრებაზე. მაგრამ არა იმიტომ, რომ გული ავუჩუყო – ჩვენ, აი აქ, ამ დროში და ამ სივრცეში მყოფ ქალებს, ეს არაფერში გვჭრდება. უბრალოდ, გვინდა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ბოლოსდაბოლოს, განვიკურნოთ, გამოვჯანმრთელდეთ ყველანი – თითო ადამიანი და მთელი ადამიანობა, კაცობრიობა”, – წერს ლია ლიქოკელი.