მამამ ძალიან მატკინა გული. მეგონა, რომ თანამედროვედ აზროვნებდა, არაფერს მიშლიდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. 16 წლის ასაკში მივხვდი, რომ მას რაღაცების მიმართ გართულება აქვს. აქამდე არასოდეს დაუშლია ჩემთვის ის სტილი, რაც მე მქონდა, მაგრამ ახლა ჩაცმულობაზე მაკვირდება და არც ჩხუბს ერიდება, თუ რამე არ მოეწონა.
გაზაფხულისთვის გეტრები შევიძინე და არცთუ ისე მოკლე კაბაზე ვიცვამდი. ასე ჩაცმული რამდენჯერმე მნახა, მაგრამ არასოდეს არაფერი უთქვამს. შენიშვნა რომ მოეცა, გეფიცებით, დავიჯერებდი და გეტრებს არასოდეს ჩავიცვამდი, მაგრამ, რადგან არაფერს მეუბნებოდა, ჩავთვალე, რომ მოსწონდა.
რამდენიმე დღის წინ დაქალები მესტუმრენ. ძალიან გამიხარდა, დედამ ტკბილეული მოგვართვა და მხიარულად გავატარეთ მთელი საღამო. უკვე მიდიოდნენ, როცა მამაჩემი დაბრუნდა სახლში და გეტრებში რომ დამინახა, დაქალების წინაშე მომახალა, მეძავივით გაცვიაო, თან შემაგინა. მერე დედაჩემს მიუბრუნდა და ჩხუბი დაუწყო, თვალები “იმ ადგილას” ხომ არ გაქვს, ვერ უყურებ, შენს შვილს რა აცვიაო.
ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა! არამხოლოდ მე, ჩემი დაქალებიც კი გაწითლდნენ, უხერხულობისგან აღარ იცოდნენ, რა ექნათ. უცებ დამემშვიდობნენ და წავიდნენ.
მე ტირილით მოვკვდი. მამას ვუსაყვედურე, ასე რატომ მომექეცი, დაქალების წინაშე რატომ შემარცხვინე-მეთქი, მაგრამ მიპასუხა, უარესის ღირსი ხარ, მათ თვალწინ უნდა მეცემეო.
მეორე დღეს დაქალები რომ ვნახე, ისევ გავწითლდი სირცხვილით. ერთმა მითხრა, შენ მაგაზე არ ინერვიულო, მამაჩემი უფრო მკაცრია, ყოველ წუთს შეუძლია შენიშვნა მომცეს და გამომლანძღოსო.
მე ურჩი შვილი არ ვარ, რასაც მეუბნებიან, ყველაფერს ვასრულებ. არც ისეთი ვარ, ზოგმა რომ იცის, მაინცდამაინც ის უნდა ეცვას, რაც მოსწონს. მშობლების აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ.
მამას რომ ეთქვა, ასე აღარ ჩაიცვაო, იმ წინდებს საერთოდ ახლოს აღარ გავეკარებოდი, ამიტომაც ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო მაინცდამიანც ჩემი დაქალების თანდასწრებით ასეთი სისასტიკის გამომჟღავნება. სინამდვილეში ის არც ასეთი მკაცრი და უხეშია და რატომ მოიქცა ასე?
ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, ალბთ უნდოდა, რომ დაქალებთან შევერცხვინე, არადა მათთან ხშირად მიტრაბახია, რომ თანამედროვე მამა მყავდა. დღემდე მრცხვენია და განვიცდი ამ ამბავს.
ჟურნალი “სარკე”