პაატა იმნაძე: “ეს ვაქცინა რომ ამოგვეღო ხმარებიდან, ხალხი მოკვდებოდა ცოფით”

პაატა იმნაძე: "ეს ვაქცინა რომ ამოგვეღო ხმარებიდან, ხალხი მოკვდებოდა ცოფით"ცოფის ვაქცინის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი საზოგადოებაში კვლავაც არ ცხრება. აუდიტის სამსახურის დასკვნამ მოსახლეობა შოკში ჩააგდო. ჯანდაცვის მინისტრს და სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებს 24 საათიან რეჟიმში უწევთ იმის მტკიცება, რომ ვაქცინა ჯანრთელობისთვის სახიფათო არ არის.
“ახალი თაობის” კითხვებს დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე პასუხობს.
– ბატონო პაატა, აუდიტის სამსახურის დასკვნას საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. რამდენად სახიფათოა აღნიშნული ვაქცინა ადამიანის ჯანმრთელობისთვის?
– განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. ეს არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი.
– მაშინ ვის და რატომ დაჭირდა ეს ყველაფერი? მოსახლეობა დაიბნა, რომელ ვაქცინაზეა საუბარი?
– ლაპარაკია ცოფის ვაქცინაზე, რომელიც 2015 წელს შემოვიტანეთ ქვეყანაში, რომელიც იყო მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, ქვეყანაში რეგისტრირებული და მთელი წელი ვხმარობდით ბედნიერად ამ ვაქცინას. 2016 წლის თებერვლის დასაწყისში მოგვივიდა შეტყობინება, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუხსნა პრეკვალიფიკაცია.
– რა მიზეზით მოუხსნა?
– იმიტომ მოუხსნა, რომ წარმოებელ ქარხანაში როდესაც ჩატარდა ინსპექტირება, გარემოს და ჰიგიენის სტანდარტები არ იყო შესაბამისობაში გარემოს სტანდარტებთან.
– ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო ეს ვაქცინა?
– არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. არ ყოფილა საუბარი არც ჯანმრთელობით საფრთხეზე, არც უკურეაქციაზე, არც ვაქცინის ხარისხზე. თვითონ ქარხანაში გარემოს ზოგიერთი ჰიგიენური მაჩვენებელი იყო შეუსაბამო არსებულ სტანდარტებთან. შესაბამისად, მოუხსნეს პრეკვალიფიკაცია.
– როდესაც ეს დასკვნა მიიღეთ, ამოიღეთ ვაქცინა ხმარებიდან?
– არ ამოგვიღია. ეს ვაქცინა რომ ამოგვეღო ხმარებიდან, ხალხი მოკვდებოდა ცოფით. გასტრონომში ხომ ვერ იყიდი ცოფის ვაქცინას?! ჯერ ერთი, აქ ვაქცინის ხარისხზე ლაპარაკი არ ყოფილა და ეს ვაქცინა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. აი, ეს არის მთავარი მთელ ამ ისტორიაში. იმათ კი არ უთქვამთ, ვაქცინას რამე ჭირსო. უბრალოდ, ქარხანას მოეხსნა პრეკვალიფიკაცია. ეხლა არაპრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს იყენებს ნახევარი მსოფლიო.
– დარჩა ქსელში კიდევ ეს ვაქცინა?
– როგორ დარჩებოდა, როცა 2015 წელზე და 2016 წლის თებერვალზეა საუბარი. 2016 წლის მარტის შუა რიცხვებიდან უკვე ახალი ვაქცინით ჩავანაცვლეთ. აბსოლუტურად ტყუილად ატყდა ამხელა აჟიოტაჟი.
– ბატონო პაატა, ვირუსების სეზონია, საუბარია რომ ახალი ტიპის ვირუსი გამოჩნდა საქართველოში. ასეა?
– დიახ, ასეა. გამოჩნდა უკვე გრიპი. შემიძლია გაგახაროთ, პირველი ორი გრიპის ვირუსი უკვე შემოვიდა.
– რა ტიპის ვირუსზეა საუბარი?
– ბე ტიპის ვირუსზე. ევროპაში ა ტიპის ვირუსიც დადის და ბე ტიპის ვირუსიც, თითქმის ნახევარი ნახევარზეა. ჩვენთან ჯერჯერობით მხოლოდ ბე ტიპის ვირუსი გამოჩნდა.
– რა მახასიათებლებით უნდა ამოვიცნოთ?
– არაფერი განსაკუთრებული, გრიპი გრიპია.
– მაღალი ტემპერატურით ვითარდება?
– დიახ, მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, დამტვრეულობა და ასე შემდეგ. ავადმყოფი აუცილებლად უნდა დარჩეს სახლში, ვირუსი რომ არ გაავრცელოს, რადგან მსუბუქი ავადმყოფები არიან სწორედ ვირუსის გამავრცელებლები. რაც მთავარია, თუ მძიმე მიმდინარეობაა, დროზე მიმართონ ექიმს, რომ რამე გართულება არ ჰქონდეთ.
– რისკის ჯგუფები არსებობს?
– რა თქმა უნდა, არსებობს. ძალიან პატარები, მოხუცები, ორსულები და ქრონიკული დაავადებების მქონენი და ასე შემდეგ. სახელმწიფომ აცრა დაახლოებით 30 ათასი ადამიანი, ვინც ასეთი მაღალი რისკის ჯგუფის მატარებელი იყო და ეს აცრები ჩატარდა უფასოდ. ეს მაღალი რისკის ჯგუფებში შეღავათს მოგვცემს. თუმც ვინც არ წარმოდგენს მაღალი რისკის ჯგუფს, გრიპს ნურც ისინი გაუთამამდებით. ძალიან იშვიათად, მაგრამ შეიძლება ძალიან დამძიმდეს, ამიტომ დროზე მიაკითხეთ ექიმს.
– რამდენ ხანს დარჩება, თებერვალ-მარტში?
– რადგან ცოტა გვიან შემოვიდა, თებერვალი, მარტი აუცილებლად და ვვარაუდობთ, რომ აპრილშიც გადავა. მოსახლეობამ დაიცვას ჰიგიენის ნორმები. გრიპიან ბავშვებს ნუ გაუშვებენ სკოლაში და ბაღებში. ბავშვებს დროზე თუ მივხედავთ, საჰოსპიტალიზაციო არ გახდებიან.
პირველ ეტაპზე ბავშვს რომ სიცხე დაუფიქსირდება 38 გრადუსი, ან მეტი, მეორე დღეს ექიმს უნდა მიმართოთ და უნდა მოხდეს მკურნალობითი ჩარევა, რათა არ გახდეს ბავშვი საჰოსპიტალიზაციო. დედებმა, ბავშვი რომ ავადაა, სახლიდან არ უნდა გაიყვანონ. ბაღზე და სკოლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა