– როცა გავიგეთ ლელა გაფრინდაშვილზე გადარიცხული ზედმეტი ხელფასების შესახებ, გაოგნებულებმა დავიბარეთ ბუღალტერიის თანამშრომლები ვითარების გასარკვევად, მათ კი თითქმის გულწასულებმა ნერვიულობისგან, დაგვიდასტურეს, რომ ეს იყო მათი შეცდომა, – ასე განმარტავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, მარინა მუსხელიშვილი საბჭოს ყოფილი წევრის, ლელა გაფრინდაშვილისთვის გადარიცხული ჰონორარების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს.
მუსხელიშვილის განმარტებით, რეალურად გამოითქვა სურვილი გაფრინდაშვილთან თანამშრომლობის, საზოგადოებრივი საბჭოების შექმნის თაობაზე, თუმცა ამ სურვილს კონკრეტული ფორმა არ მიუღია.
– ლელა გაფრინდაშვილის კვლევასთან დაკავშირებით ვაკეთებ განმარტებას. როდესაც ლელას აპრილში გაუვიდა ვადა, ჩვენ, ზოგიერთმა დარჩენილებმა საბჭოს წევრებმა, გამოვთქვით ზოგადი სურვილი გვეთანამშრომლა მომავალში ლელასთან საზოგადოებრივი საბჭოების შექმნის საკითხებზე. არავითარი კონკრეტული ფორმა ამ სურვილს არ მიუღია და არავითარ კვლევაზე ლაპარაკი არ იყო. როდესაც უკვე შემოდგომაზე მოგვივიდა ინფორმაცია ლელაზე გადარიცხული ზედმეტი ხელფასების შესახებ, გაოგნებულებმა დავიბარეთ ბუღალტერიის თანამშრომლები ვითარების გასარკვევად. ამ ქალბატონებმა, თითქმის გულწასულებმა ნერვიულობისგან, დაგვიდასტურეს, რომ ეს იყო მათი შეცდომა.
ბევრი ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლებოდა ამ უსიამოვნი ვითარების გამოსწორება, მაგრამ გზა ვერ ვიპოვეთ. სამართლებრივად მენეჯმენტმა უნდა მოსთხოვოს ლელას თანხის დაბრუნება. რაც შეეხება ლელას განცხადებას, რომ მე რაღაც დამაიმედებელი შევთავაზე, მას მერე, რაც ეს ამბავი გაირკვა, ვაღიარებ, რომ ზუსტად ეს საუბარი არ მახსოვს და არ გამოვრიცხავ, რომ ვუთხარი იქნებ რამე გამოსავალი მოიძებნოს, ვინაიდან ლელას ძალიან ვუთანაგრძნობ, ამ გაუგებრობაში რომ მოყვა. ამას აქ ვწერ იმიტომ, რომ არაზუსტი ინფორმაცია ვრცელდება და სამეურვეო საბჭოს ბრალდება ის, რაც არ ჩაგვიდენია, – აცხადებს მუსხელიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებრივი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ერთ-ერთი წევრი, ლელა გაფრინდაშვილი ჰონორარს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, 5 თვის განმავლობაში იღებდა. საუბარია 12.800 ლარზე.
მოგვიანებით ლელა გაფრინდაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ მას თანხა ბორდის წევრობისთვის არ მიუღია, არამედ ტელეკომპანია ანაზღაურებას კვლევითი სამუშაოსთვის უხდიდა.

