ტელეკომპანია ”იბერიას” ფინანსური პრობლემები შეექმნა – მისი დამფინანსებელი ”ომეგა ჯგუფი” 100 მილიონი დოლარით დაზარალდა

ტელეკომპანია ”იბერიას” ფინანსური პრობლემები შეექმნა - მისი დამფინანსებელი ”ომეგა ჯგუფი” 100 მილიონი დოლარით დაზარალდატელეკომპანია იბერიას შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას. British American Tobacco-ს მიერ კონკურენციის კანონებისა და თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის შედეგად ომეგა ჯგუფს, რომელიც ტელეკომპანია იბერიის ძირითადი დამფინანსებელია, მრავალმილიონიანი დოლარის ღირებულების ზიანი მიადგა.

იბერიას ეთერში გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანიას ფინანსურ პრობლემებს სავარაუდოდ ხელისუფლება უქმნის.

„ომეგა ჯგუფში“ შექმნილ პრობლემებზე ომეგა ჯგუფის თამბაქოს გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა ისაუბრა.

– ჩვენს კომპანიას მიადგა 100 მილიონი დოლარის ღირებულების ოდენობის ზიანი, მულტინაციონალური კომპანია British American Tobacco-ს მიერ კონკურენციის კანონებისა და თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის შედეგად.

სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ჩვენი სარჩელი მთლიანად დააკმაყოფილა, მეორე ინსტანციამ ზარალი სცნო, მაგრამ უარყო კავშირი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციასა და ჩვენს ზიანს შორის. ტელეკომპანია იბერიის ძირითადი დამფინანსებელი არის ომეგა ჯგუფი და შესაბამისად, ის 100 მილიონი ზიანი, რომელსაც გიღიარებენ, მაგრამ არ გეუბნებიან, რომ ანაზღაურებას ვინმესგან ექვემდებარება, ეს ზიანს აყენებს ფინანსურად არა მარტო ომეგა ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიებს, არამედ მასში შემავალ ტელეკომპანია იბერიასაც, – განაცხადა ომეგა ჯგუფის თამბაქოს გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა.

ომეგა ჯგუფში არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია აქვს ბიზნესომბუდსმენს. ირაკლი ლექვინაძის თქმით, მისთვის ცნობილია იმ სასამართლო დავის შესახებ, რომელიც ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების მხრიდან მიმდინარეობს, თუმცა, ამბობს, რომ არა აქვს ინფორმაცია, რამდენად შეიძლება, დააზარალოს ამ პრობლემებმა ტელეკომპანია იბერია.

ნიუპოსტი