თამაზ ელიზბარაშვილი – “იგინებიან და ჩვენს კორპუსთან შესასვლელად 3 ლარს გვთხოვენ” – ბიზნესმენს მანქანა დაუმტვრიეს

თამაზ ელიზბარაშვილი - "იგინებიან და ჩვენს კორპუსთან შესასვლელად 3 ლარს გვთხოვენ" - ბიზნესმენს მანქანა დაუმტვრიესბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლთან, ყაზბეგის #24-ში უცნობმა პირებმა შლაგბაუმი დააყენეს და ადგილობრივ მცხოვრებლებს თანხას სძალავენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ელიზბარაშვილმა განუცხადა, პირები აცხადებენ, რომ კორპუსის შესასვლელი ტერიტორია მათი საკუთრებაა და მოსახლეობამ საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან ავტომანქანით შესასვლელად თანხა უნდა გადაიხადოს. მისივე თქმით, კორპუსის ტერიტორიაზე ერთი საათით შესვლა 3 ლარი ღირს, ხოლო ყოველი მომდევნო საათის საფასური ერთი ლარია.
ელიზბარაშვილის განცხადებით, ის მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც მისი კუთვნილი ავტომობილის სარკეები გატეხეს და კარები დაუზიანეს.
„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე 10-მდე მამაკაცი იკრიბება და ხშირად მუქარის ფონზე, კორპუსში შესვლის ან კორპუსიდან გამოსვლის მსურველს თანხას სძალავს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ემუქრებიან. ბიზნესმენი აღნიშულთან დაკავშირებით შს მინისტრს მიმართავს და საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს.
– ეს პირები გამოჩნდნენ პარასკევს და გვითხრეს, ეს ტერიტორია ჩვენია და თუ კორპუსში შესვლა ან გამოსვლა გინდათ, ფული უნდა გადაგვიხადოთო. 8 თუ 9 კაცია სულ, იგინებიან და ძველბიჭური ლექსიკით მიმართავენ ყველას. მე მათ ამ მოთხოვნას არ დავემორჩილე და დამემუქრნენ. ამის შემდეგ კი ჩემს ავტომობილს ჩამოტეხეს სარკეები და დააზიანეს კარებები. დღეს რამდენჯერმე გამოვიძახე პატრული და მერიის ზედამხედველობის სამსახური. ამ პირებმაც რაღაც ფარატინა ქაღალდი ააფრიალეს და ამბობდნენ, ეს ტერიტორია ჩვენ გვეკუთვნისო. არავინ მათ ხელს არ ადებს და ფაქტობრივად ტერორის ქვეშ ვართ. როგორც ჩანს ამ ადამიანებს ვიღაც მფარველობს. მივმართავ ბატონ გიორგი გახარიას, რომ პირადად მან შეისწავლოს ეს საკითხი, – აღნიშნავს თამაზ ელიზბარაშვილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქმეს კი მოსამართლე განიხილავს.