– ძლიერი ქარის გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სინოპტიკოსები ქარის და წვიმის გაძლიერებას ელოდებიან. ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. არსებობს მოლოდინი, რომ მდინარეების დონე საშიშ ნიშნულამდე მიაღწევს.
თბილისის მერიამ მოსახლეობას მოუწოდა, ძლიერი ქარის შემთხვევაში ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას მოერიდოს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე დღეს ექვსბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 მარტამდე საქართველოში ქარი და წვიმაა მოსალოდნელი.
იმედინიუსი

