ლისის ტბის პირას მშენებლობის ნებართვები აღარ გაიცემა

ლისის ტბის პირას მშენებლობის ნებართვები აღარ გაიცემათბილისის მერია ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესის დროებით შეჩერებას გეგმავს. ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მერის განცხადებით აღნიშნული ტერიტორიის პოტენციალის კვლევა უკვე დაწყებულია, რომლის საფუძველზე ურბანული განვითარების სამსახური განვითარების ჩარჩო გეგმას მოამზადებს.

„ამ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ დგას იმ ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხე, რის გამოც ლისი, როგორც სარეკრეაციო სივრცე ამდენად მიმზიდველია თბილისელებისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტური განაშენიანების პროცესის შეჩერება და განვითარების სწორ კალაპოტში მოქცევა. ამიტომ, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, რომ ლისის არეალში დროებით შეჩერდეს განაშენიანების პროცესი.” აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიმდინარე ქაოტური განაშენიანება რჩება.

„საჭიროა, ქალაქმშენებლობა ხორციელდებოდეს იმგვარად, რომ არა მარტო კომფორტული იყოს ამ ქალაქში ცხოვრება, არამედ გაიზარდოს მისი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი, ასევე, დაცული იყოს დედაქალაქის, კერძო მესაკუთრისა და ინვესტორის ინტერესები. ეს სამი მიმართულება ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს.” აღნიშნა კახა კალაძემ მთავრობის სხოდმაზე.

დედაქალაქის მერია ქალაქის განვითარების გენგეგმას განიხილავს, რომელმაც შესაძლოა თბილის გარკვეულ უბნებში მშენებლობაზე შეზღუდვები დააწესოს.