მედიამ პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა

მედიამ პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდამედიის წარმომადგენლები პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ, ხოლო პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ

ამის შესახებ იმ მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი ზურაბიშვილმა პირველ არხთან წაიკითხა.

„გასული წლის 29 ივნისს, ჩვენი კოლეგა, პირველი არხის მონტაჟის ყოფილი რეჟისორი, მამუკა ბერძენიშვილი 2 გრამი კლუბური ნარკოტიკის ე.წ. ემდეემას პირადი მოხმარებისთვის შეძენა,შენახვის ბრალდებით დააკავეს და დაკავებიდან 9 თვის შემდეგ, 2018 წლის 21 მარტს, რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მიგვაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკა და შესაბამისი კანონები სასწრაფო ცვლილებებს საჭიროებს. იმის ფონზე, რომ ადამიანები გაუპატიურებისთვის ციხეში 6-დან 8 წლამდე მიდიან, წამებისთვის 7-დან 10 წლამდე, მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე, ხოლო ნარკოტიკების გავრცელებისთვის შეიძლება 6 წლით დაისაჯონ, მცირე ოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის, ან პირადი მოხმარებისთვის 8 წლით პატიმრობის შეფარდება, სახელწიფოს მხრიდან აბსოლუტურად არაადეკვატური და არაადამიანური ნაბიჯია. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია კანონში დოზირებების განსაზღვრა, რათა ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა განსაკუთრებულად დიდ ოდენობად არ ითვლებოდეს.

ასევე, მიგვაჩნია, რომ მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, ხოლო პრობლემურ მომხმარებლებთან მიმართებაში სახელმწიფოს პოლიტიკა არა რეპრესიული, არამედ ზრუნვაზე ორიენტირებული უნდა იყოს. სამწუხაროდ კანონებში ცვლილებების პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება და ადეკვატური კანონმდებლობის შემუშავება წლების განმავლობაში ვერ ხერხდება.

ამასობაში კი უსამართლოდ ათასობით ოჯახი უბედურდება. ამ წუთისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია მოხდება თუ არა რაიმე ცვლილება ამ მიმართულებით. მამუკა ბერძენიშვილი არის სახელმწიფოს მიერ წარმოებული ფაშისტური ნარკოპოლიტიკის მორიგი მსხვერპლი და მასთან ერთად ციხეში პირადი მოხმარებისთვის და მინიმალური დოზებისთვის 2000-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს.

ვადასტურებთ, რომ მამუკა ბერძენიშვილი არის საკუთარი საქმის პროფესიონალი, ძალიან უკონფლიქტო, დადებითი პიროვნება და მისი ადგილი პენიტენციალურ დაწესებულებაში ნამდვილად არ არის.

მამუკა ბერძენიშვილი საზოგადოებისთვის და არც ერთი ადამიანისთვის არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. მოვითხოვთ, პირველ რიგში პარლამენტისგან, კანონში დაუყოვნებლივ ცვლილებებს და პრეზიდენტისგან მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებას, რათა ის დაუბრუნდეს თავის ოჯახსა და მეგობრებს“,- ნათქვამია მიმართვაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 0.1133 გრამი კანაფისა და 6 აბი MDMA-სთვის 28 წლის მამუკა ბერძენიშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

5 მარტს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადავადდა.

იმედინიუსი