ლიბიაში დაკავებული მეზღვაური, ნუკრი ხოხბა პატიმრობიდან გათავისუფლდა. იგი საქართველოში გუშინ დაბრუნდა.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბათუმის აეროპორტში მას საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, აჭარის მთავრობის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.
„ნუკრი ხოხბას გათავისუფლების საფუძველი გახდა ბრალდების ნაწილში ხომალდის ეკიპაჟის რიგითი წევრების ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა, რომელთა შორის იყო ქართველი მეზღვაურიც, ხოლო კაპიტნისა და თანაშემწის საქმე გადაეცა საბრალდებო პალატას და გაგრძელდება სასამართლო ძიება.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ინტენსიურად მუშაობს ლიბიაში პატიმრობაში დარჩენილი სამი ქართველი მეზღვაურის გათავისუფლებაზე, პროცესში აქტიურად არის ჩართული როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატი, საზღვარგარეთ საქართველოს მისიები, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ასევე პარტნიორი ქვეყნების საელჩოები.
14 მარტს ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაგეგმილია შეხვედრა ნუკრი ხოხბასთან. შეხვედრას დაესწრებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
– ყველას საზღვრის უკანონო კვეთასა და ტვირთის უკანონოდ აღებას გვედავებოდნენ, საუბარია 9-10 ტონა ნავთობზე. ბრალდებას არ ვეთანხმებით, საზღვრის კვეთის შეზღუდვა არ გვქონდა, არც წიგნაკში და არც რუკებზე. ეხლა პროცესები გაგრძელდება და ჩემი და იქ მყოფების მოთხოვნაა საგარეოს წარმომადგენლები იქ ჩავიდნენ, და ადვოკატს დაადგნენ. ასე თუ არ მოხდა არაფერი ეშველებათ. თან თუ არავინ ჩავა უსასრულოდ გაგრძელდება გამოძიება, თვეში ერთხელ წაგვიყვანდნენ და ერთსადაიგივეს გვეკითხებოდნენ. თარჯიმანი კი ხშირად არასწორად უთარგმნიდა,- განაცხადა ბათუმის აეროპორტში ნუკრი ხოხბამ.
მისი თქმით, პატიმრობაში კაპიტანი გენადი კომახიძე და თანაშემწე რომან კაკალაძე რჩება.
ქართველი მეზღვაურები ლიბიაში საზღვაო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით 2017 წლის აგვისტოში დააკავეს.

