რუსთავი 2 თან მომხდარი ინციდენტის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სანდრო ბრეგაძე გამოიკითხა, რის შემდეგაც მან პოლიციის შენობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სანდრო ბრეგაძემ ამ ეტაპზე გამოძიებასთან ითანამშრომლა, თუმცა გამოძიება გრძელდება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უახლოეს დღეებში, მას პოლიციაში გამოსაკითხად კვლავ დაიბარებენ.
“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან საბურთალოზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გუშინ გადაიყვანეს.
როგორც ბრეგაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიციაში თავისი ნებით მიდის, რათა პასუხი გასცეს შეკითხვებს რომ დაპატიმრებულ თანამოაზრეებს დაეხმაროს. რაც შეეხება სამართალდამცველების მიერ მის წამებას, რომლის შესახებაც მან გუშინ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, ბრეგაძემ განმარტა, რომ ის დახურულ სივრცეში დაკითხეს, რაც მისი მდგომარეობისთვის წამების ტოლფასი იყო.
სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან გუშინ პოლიციამ ქართული მარშის 5 წევრი დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ. “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”- თქვა გაბუნიამ.
მოგვიანებით, ქართულმა მარშმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი წევრი სანდრო ბრეგაძე პოლიციის მიერ სასტიკად არის ნაცემი და ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს.
ღუდუშაურის კლინიკის ექიმი კი ბრეგაძის წამების ფაქტს გამორიცხავს.
იმედინიუსი

