ცესკომ ასი ათასობით ლარი გაფლანგა – აუდიტმა დარღვევები გამოავლინა

ცესკომ ასი ათასობით ლარი გაფლანგა - აუდიტმა დარღვევები გამოავლინარამდენიმეთვიანი შემოწმების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში ბევრი დარღვევა გამოავლინა.

2016 წელის საპარლამენტო არჩევნების წინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 90 პლანშეტური კომპიუტერი, 30 ათასი საიდენტიფიკაციო ბეიჯი, 13 ათასი მარკირების სითხე და თვითწებადი პარკები ტენდერის გარეშე შეიძინა. ცესკომ ამაში 325 ათასი ლარი გადაიხადა.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ამ საქონლის შესყიდვა შესაძლებელი იყო სატენდერო პროცედურების საშუალებით, რაც გაზრდიდა ბიუჯეტის ეკონომიური ხარჯვის შესაძლებლობას.

დასკვნის მიხედვით, ცესკო ასევე არ ინტერესდებოდა, რამდენად სწორად დახარჯეს თანხები იმ კომპანიებმა, რომელსაც სარემონტო სამუშაოებს უკვეთავდა.

აუდიტორები წერენ, რომ ცესკომ ქონების ჩანაცვლების წესებიც დაარღვია. უფრო კონკრეტულად კი ირკვევა, რომ თამარ ჟვანიამ 1988 წელს გამოშვებული, ტექნიკურად სრულად გაუმართავი მიკროავტობუსი, 2016-წლიანი TOYOTA CAMRY-ით ჩაანაცვლა.

ნაციონალურ მოძრაობის წევრს, ლევან ხაბეიშვილს, ეჭვი აქვს, თამარ ჟვანიას ფინანსურ დარღვევებზე მწვანე შუქი ხელისუფლებამ პოლიტიკური მორჩილების სანაცვლოდ აუნთო.

ცესკოს სავარაუდო კორუფციული გარიგებებისა და ფინანსური დარღვევების შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ თამარ ჟვანიას და მის უწყებას არჩევნების შედეგებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უფასებს.

აუდიტის სამსახური ცენტრალურ საარჩევნო კომისიას “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის დარღვევის შესახებაც მიუთითებს.