ზვიად კვაჭანტირაძე ავტოსადგომიდან გაიპარა – დეპუტატმა პარკინგის საფასური, 20 თეთრი არ გადაიხადა

ზვიად კვაჭანტირაძე ავტოსადგომიდან გაიპარა - დეპუტატმა პარკინგის საფასური, 20 თეთრი არ გადაიხადასაპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოზურგეთის ყოფილი მაჟორიტარი 2012-16 წლებში და წინა მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე, ქალაქ ოზურგეთში, აპოლონ წულაძის ქუჩაზე განთავსებული ავტოსადგომიდან საკუთარ მანქანიანად, პარკინგის საფასურის, 20 თეთრის გადახდის გარეშე გაიპარა.

ამის შესახებ  “გურიის მოამბეს” ამავე ავტოსადგომის მორიგეებმა, ე.წ. “სტაიანშიკებმა” უთხრეს.

ინცინდენტი ზემოაღნიშნულ ადგილზე დღეს, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე მოხდა:

– ორ თანმხლებ პირთან ერთად გამოვიდა რესტორან “ელიტიდან”, ჩაჯდა მანქანაში. მივედი, როგორც წესი უზრუნველვყავი უსაფრთხოება მანქანის ავტოსადგომიდან გამოსვლისა და გზაზე გასვლის დროს და როცა მოსაკრებელის ასაღებად ფანჯარასთან მივადექი, რაღაც შემომძახა, არა მგონია ახლა მთლად მაგ დონეზე დავიდეს და შეეგინებინოს და მანქანა სწრაფად გააქანა, – გვიყვება “სტაიანშიკი”.

ოზურგეთში ავტოსადგომზე მანქანის გაჩერება დაახლოებით 20 თეთრი ღირს.

ავტოსადგომები ქალაქში 2010 წელს გაიცა იჯარით და ის თავიდან ზვიად კვაჭანტირაძის ოჯახის ბიზნესი იყო, თუმცა მოგვიანებით, მას სხვა ჩაენაცვლა. რის გამოც, დეპუტატი ადგილობრივ ხელისუფლებას შემოსწყრა.

გურიის მოამბე