მინდელის შახტში შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. ჯანდაცვის უწყების თანამშრომლები დაზიანებულ შახტში მუშაობას დღესაც განარძობენ და უბედური შემთხვევის ადგილს შეისწავლიან.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მათ დღეს შახტში, ჩამონგრეულ უბანთან მხოლოდ 20 მეტრით მიახლოების საშუალება მიეცათ.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის უფროსის განცხადებით, მომხდარის დეტალურად შეფასება შეუძლებელია, თუმცა სამსახურის მიერ დათვალიერების პირველად მონაცემებზე დაყრდნობით ელზა ჯგერენაია აცხადებს, რომ შახტში სამთო დარტყმას ადგილი არ ჰქონია.
კომპანია “საქნახშირის” წარმომადგენლები კი მომხდარის სავარაუდო მიზეზად, სწორედ სამთო დარტყმას ასახელებენ, რამაც მათი განმარტებით, ჰაერის მძლავრი ნაკადი წარმოქმნა.
რას ნიშნავს სამთო დარტყმა, რომელმაც სავარაუდოდ, ტყიბულის შახტში კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა გამოიწვია. გეოლოგთა მტკიცებით, ამ ბუნებრივ მოვლენას ძირითადად სამთო გეოტექნიკური სამუშაოები იწვევს.
უფრო კონკრეტულად კი, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, სამთო დარტყმას ძირითადად ქანების დეფორმაცია იწვევს, რის შემდეგაც დაგროვებული წნევისა და ენერგიის გამოთავისუფლება ხდება.
ამას კი უმეტეს შემთხვევებში აფეთქებისა და მიწისქვეშა ბიძგების ეფექტი აქვს. რაც შეეხება პრევენციის გზებს, გეოლოგებისა და სამთო ინჟინრების თქმით, ამ პროცესების პროგნოზირება შესაძლებელია და ის მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს.
მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, დილით, დაახლოებით 4 საათზე მოხდა. შედეგად 6 მუშა დაიღუპა, 3 კი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

