ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზარალებულ 12 ოჯახთან ზარალის ანაზღაურებაზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა რემონტი ჯერ დასრულებული არ არის. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ავრცელებს.
ზარალის ანაზღაურებაში გათვალისწინებულია რემონტის, მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯის საფასური, ასევე ბინის ქირის კომპენსაცია. ამასთან, გამგეობაში განმარტავენ, რომ დაზარალებული 12 ოჯახიდან სამმა ოჯახმა მოითხოვა დამატებით სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და წვრილი ტექნიკა, რაზეც მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
„ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, დაზარალებულ 12 ოჯახთან მიღწეულია შეთანხმება ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც დათვლილია შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. მასში გათვალისწინებულია რემონტის, მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯის საფასური, ასევე ბინის ქირის კომპენსაცია. 12- დან 9 ოჯახმა თანხმობას ხელი მოაწერა და მათ ბინებში რემონტი უკვე დაწყებულია. სამმა ოჯახმა მოითხოვა დამატებით სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და წვრილი ტექნიკა, რაზეც მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ზიანის ოდენობის დადგენის შეუძლებლობის გამო“, – განაცხადეს ისნის რაიონის გამგეობაში.
რაც შეეხება დაზიანებული ავტომობილების მფლობელებს, გამგეობის ინფორმაციით, 31 პირიდან 29 -ს ზარალი უკვე აუნაზღაურდა.
ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაზიანებულ კორპუსში თბილისის მერი 7 დეკემბერს იმყოფებოდა. კახა კალაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებების მუშაობის დასრულების შემდეგ ბინებში დასუფთავების სამსახური შევიდა და დაზიანებული საცხოვრებლები დაასუფთავა.
სპეცოპერაცია, 22 ნოემბერს დასრულდა.

