თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცვას აპირებენ

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცვას აპირებენ თბილისის მეტროპოლიტენის 250 თანამშრომელი, ძირითადად მემანქანეები, წინასაგაფიცვო რეჟიმში იმყოფებიან. ისინი ანაზღაურების, დაახლოებით, 40 %-ით გაზრდას მოითხოვენ. მეტროპოლიტენის მემანქანეების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისგან პასუხს მომავალი კვირის სამშაბათამდე დაელოდება.

ქ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ელ მატარებლების მემანქანეების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის, გამგეობის თავმჯდომარის რატი კაპანაძის თქმით 2016 წელსაც მათ სამი საგაფიცვო მოთხოვნა ჰქონდათ:

საათობრივი ანაზღაურების გაზრდა. ღამის საათებში განსხვავებული სატარიფო ანაზღაურება. პენსიების დანიშვნა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით.

2016 წელს სატრანსპორტო კომპანიამ მოთხოვნათა ნაწილი დააკმაყოფილა. მთავარი მოთხოვნა, საათობრივი ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით, გაფიცვის ორგანიზატორებმა დათმეს იმ პირობით, რომ მოთხოვნა 2017 წელს შესრულდებოდა, თუმცა ეს პირობა არ შესრულებულა.

მერიისგან პასუხს, გაიზრდება თუ არა მეტროპოლიტენის მემანქანეთა და სხვა თანამშრომელთა საათობრივი ანაზღაურება 7 ლარიდან 10 ლარამდე, მომავალი კვირის სამშაბათამდე ელოდებიან.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის, განცხადებით, არც სატრანსპორტო კომპანია და არც მერია ამჟამად არ ფლობს მოთხოვნილი ოდენობით ანაზღაურების გაზრდის რესურსს.

მეტროპოლიტენის თანამშრომელები კვირას შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმას გააჟღერებენ . ერთ–ერთ ვერსიად განიხილება გაფიცვა, რაც თბილისის მეტროპოლიტენში მნიშვნელოვან შეფერხებებს გამოიწვევს.