ბექა წიქარიშვილი სამართალდამცველებს მიმართავს, აქციის მონაწილეებს სამანქანე გზის სავალი ნაწილი დაუთმონ

ბექა წიქარიშვილი სამართალდამცველებს მიმართავს, აქციის მონაწილეებს სამანქანე გზის სავალი ნაწილი დაუთმონაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი რუსთაველის გამზირის გასწვრივ მყოფ სამართალდამცველებს მიმართავს, აქციის მონაწილეებს დაუთმონ სამანქანე გზის სავალი ნაწილი, რადგან წიქარიშვილის თქმით, აქციის მონაწილეების სიმრავლის გამო პარლამენტის წინ არსებული სკვერი საკმარისი არ არის.
აღნიშნული მოწოდების შემდეგ სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. აქციის რამდენიმე მონაწილე გზის სავალ ნაწილზე გადასვლას ცდილობს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი – თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე – დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე – დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.
საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება. პარლამენტის წინ იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.