კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ნაწილს საცხოვრებელი ფართები საბურთალოზე და დიდ დიღომში გადაეცემათ

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ნაწილს საცხოვრებელი ფართები საბურთალოზე და დიდ დიღომში გადაეცემათკოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ნაწილს საცხოვრებელი ფართები საბურთალოზე – მარიჯანის ქუჩის, ხოლო დიდ დიღომში დემეტრე თავდადებულის 2 ნომრის მიმდებარედ გადაეცემათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს ინფორმაციით, დიდ დიღომში, საცხოვრებელი ფართით 17 ოჯახი დაკმაყოფილდება, ხოლო საბურთალოზე ბინას 10 ოჯახი მიიღებს.
„ბინებს მიღებენ 606 და 627 კოოპერატივების წევრები, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართების შესყიდვისთვის თანხები უკვე გადახდილი აქვთ. მათ გადაეცემათ მიწის ნაკვეთები და ინვესტორს თავად მონახავენ. ახალი წესის თანახმად, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება და შეირჩევა ინვესტორი“, – აცხადებენ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში.

სააგენტოს განმარტებით, ჯამში, თბილისის მასშტაბით 3135 ოჯახი დაკმაყოფილდება.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ ორი დღის წინ გამართულ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულია 3000-ზე მეტი ოჯახი, თუმცა, პირველ ეტაპზე მხოლოდ 800-ის დაკმაყოფილება მოხდება, მომდევნო წლების განმავლობაში კი პრობლემა სრულად მოგვარდება. მისივე განცხადებით, მოძიებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთები, თუმცა, მერია მიწის ნაკვეთების შერჩევას გააგრძელებს.

მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ყველაზე დაბალი სოციალური სარეინტინგო ქულების მქონე ოჯახები დაკმაყოფილდება. სოციალური სარეიტინგო ქულების დადგენა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური აგენტების მეშვეობით, დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე. დაზარალებულ პირთა იმ ნაწილს, რომელსაც არ გააჩნია სოციალური ქულა, შეუძლიათ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს და დადგენილი წესით მოხდება მათთვის შესაბამისი სოციალური სარეიტინგო ქულის დადგენა.