ნაჯა ორაშვილი – “7 გამსაღებელს შეეწირა მსოფლიოში საუკეთესო სცენა”

ნაჯა ორაშვილი - "7 გამსაღებელს შეეწირა მსოფლიოში საუკეთესო სცენა"კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მინისტრის ბოდიში საკმარისი არ არის. ის მოითხოვს იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომელთაც, მისივე თქმით, მსოფლოში საუკეთესო სცენა შეეწირა. „პირადად მე ჩემს არცერთ კითხვაზე პასუხი არ მიმიღია. ამიტომ ჩემი ბრძოლა იქნება უკომპრომისო და პრინციპული იმიტომ, რომ 7 გამსაღებელს, რომლებიც დაჭერილი არიან კლუბის ტერიტორიის გარეთ, სხვადასხვა უბნებში, შეეწირა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სცენა“, – განაცხადა ორაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“.

ორაშვილის თქმით, ის იყო პირველი, რომელმაც ბოლო დროს საქართველოში შემოსულ ახალ საშიშ ნარკოტიკზე განგაში ატეხა და რამდენჯერმე მიმართა შესაბამის უწყებებს ყურადღება მიექციათ ამ ფაქტისთვის, მაგრამ პასუხი თანამშრომლობის და ადეკვატური რეაქციის ნაცვლად იყო კლუბის „დასჯის“ ოპერაცია.

ნაჯა ორაშვილის თქმით, მან განგაში ატეხა მანამდე, ვიდრე ბოლო კვირებში ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ადამიანები დაიღუპებოდნენ.
თბილისში 12-13 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. შედეგად 8 ნარკორეალიზატორი  დააკავეს, თუმცა ახალგაზრდებმა სამართალდამცველების მიერ კლუბებში ძალის გადამეტების გამო აქციები იმ ღამესვე გამართეს.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს შს მინისტრმა მიმართა, მათ ბოდიში მოუხადა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. საბოლოოდ, თეთრი ხმაურის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანეს.

თეთრი ხმაურის მოძრაობამ აქციის დასასრულს განაცხადა, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში შს სამინისტროსა და მინისტრის მიერ დანაპირების შესრულებას დააკვირდებიან. ამასთან, 19 მაისს მორიგი აქცია დააანონდა.

იმედინიუსი