სიკვდილით მოვაჭრეს – სიკვდილი!!!

სიკვდილით მოვაჭრეს – სიკვდილი!!!დიმიტრი ლორთქიფანიძე ნარკორეალიზატორების სიკვდილით დასჯას ითხოვს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე დაწერა.

მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, 1997 წლიდან სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა საქართველოში გაუქმებულ იქნა და დღეის მდგომარეობით, სანქციით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი შეიძლება დაინიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით, რომლის გადახედვაც, თავის მხრივ, კანონით დადგენილ ვადაში არის შესაძლებელი. პრაქტიკაში კარგად გამოჩნდა, რომ ისეთი სპეციფიკური დანაშაულისთვის, როგორიც არის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღება ან საზღვრებს გარედან შემოტანა(კონტრაბანდა), ასევე წარმოება, რაც თავის მხრივ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასი დივერსიული აქტია სახელმწიფოს წინააღმდეგ, სისხლის სამართლის კოდექსით დღეს მოქმედი სანქციის ფორმა და ზომა ვერ უზრუნველყოფს საჯარო-სახელმწიფოებრივ ინტერესს და მოცემული დანაშაულის კრეფსით გათვალისწინებული სტატისტიკა ამის პირდაპირი მტკიცებულებაა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში უცვლელად გვეუწყება, რომ საქართველო საერთაშორის ნარკოტრასის მნიშვნელოვანი შემადგენელი მონაკვეთია ავღანეთ-პაკისტანიდან ევროპისაკენ მიმავალ გზაზე. ხოლო, რაც შეეხება ბოლო დროს საქართველოში დატრიალებული დიდი ტრაგედიის მიზეზებს, რა დროსაც არა ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა ნარკოტიკების მოხმარებას ანაკლიის “კაზანტიპში” თუ თბილისის ღამის კლუბებში, აღნიშნულის მიზეზები, სხვა გარემოებებთან ერთად, შეგვიძლია ვეძიოთ ბოლო 10 წლის მანძილზე, საქართველოს პრეზიდენტების მიერ განხორციელებული შეწყალების ერთპიროვნული აქტების ანალიზის შედეგებიდან გამომდინარეც: ასე მაგალითად, სააკაშვილის მიერ 2011 წლის აგვისტოში შეწყალებულნი იქნენ თურქეთის მოქალაქე ნარკო დანაშაულისთვის უვადო თვისუფლებააღკვეთილი პირები, რომლებსაც თავის დროზე სარეალიზაციოდ გამზადებული რამდენიმე კილოგრამი ჰეროინი ამოუღეს, ასევე მარგველაშვილის მიერ, მისი უფლებამოსილების ვადაში განხორციელებული შეწყალების აქტი, ათეულობით ნარკორეალიზატორის სასარგებლოდ იქნა გამოყენებული, ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს და ვერც ექნება!

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნარკოდანაშაულის ზრდის სწრაფი ტემპისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების დახვეწილი ტექნოლოგიების არსებული სურათის გათვალისწინებით, რასაც ეწირება ადამიანთა სიცოცხლე და დეგრადირების საფრთხე ემუქრება მომავალ თაობებს, ხომ არ გვეფიქრა საგანგებო ზომების გატარებაზე იმ ორგანიზებული დანაშაულის წევრ პირთა მიმართ, რომლებიც ეწევიან ნარკოტიკების კონტრაბანდას, დამზადება – წარმოებას და გასაღებას!!! სიკვდილით მოვაჭრეს – სიკვდილი!!!“, – წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

2020NEWS