„ლიფტში გარდაიცვალა, საოპერაციომდე ვეღარ მიაღწია“ – გარდაცვლილი მშობიარე ქალის მამა

„ლიფტში გარდაიცვალა, საოპერაციომდე ვეღარ მიაღწია“ - გარდაცვლილი მშობიარე ქალის მამაგარდაცვლილი მშობიარე ქალის ოჯახი მომხდარში სამშობიარო სახლ „ნინოს“ ექიმებს ადანაშაულებს. ოჯახის წევრების თქმით, ექიმებმა დაუდევრობა გამოიჩინეს და ვერ მიიღეს ზომები, პაციენტი რომ გადაერჩინათ.

გარდაცვლილის მამის ქრისტიფორე აბრამიშვილის თქმით, სამშობიაროს სისხლი არ ჰქონდა და პაციენტს ვერ გადაუსხეს.

მისივე ინფორმაციით, ქალი ღუდუშაურის საავადმყოფოს ლიფტში გარდაიცვალა:

„მოვიდა 10-ში, უთხრეს, დიდი მუცელი გაქვსო, საკეისრო დაგჭირდება, მოდი, დაგალევინებთ წამალს და გამშობიარებთო. ანუ ერთი კვირით ადრე, 11 საათზე დაალევინეს, 5 საათზე ტკივილები დაიწყო, იმშობიარა. გავიდა 40 წუთი, ალბათ, ჩვენ უკვე შამპანურები ვიყიდეთ, აღვნიშნეთ, მოგვილოცეს და ამის შემდეგ დაიწყეს საეჭვო სირბილი. შევედი, რვა ადამიანი ადგა თავზე, ვარდება წნევა იმიტომ, რომ არ არის სისხლი,ამ დროს რაღაც წამლით უწევენ. იმის მაგივრად, რომ მოვიდეს კომპეტენტური პიროვნება ან გასინჯონ, სისხლი არ აქვთ, რომ გადაუსხან. ღუდუშაურიდან მოვიდა დახმარება, 4 ლიტრი სისხლი უკვე დაკარგული ჰქონდა, ლიფტში გარდაიცვალა ბავშვი, საოპერაციომდე ვეღარ მიაღწია“, – განაცხადა გარდაცვლილის მამა ქრისტიფორე აბრამიშვილმა.

გარდაცვლილის ძმის განცხადებით კი, ოჯახს ღუდუშაურის კლინიკასთან პრეტენზია არ აქვს.

„მე ღუდუშაურის კლინიკასთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს, რადგან ძალიან მომზადებულები დამხვდნენ. ექოსკოპია გადაუღეს და ერთ წუთში დაუსვეს დიაგნოზი, რომ ძლიერი სისხლდენა იყო. იმ კლინიკაში კი სამი საათი აკეთეს ულტრაბგერა და ვერავინ ჩამოყალიბდა, რა ხდებოდა. ადამიანი როცა სისხლისგან იცლება, იქ უნდა მომხდარიყო სწრაფი ჩარევა. მათ არ ჰქონდათ არც პირობები, არც გამოცდილება და როგორც ჩანს, არც პროფესიონალიზმი. ჩემი და რომ გაითიშა, ექიმი უნდა მიმხვდარიყო, რომ საშვილოსნოს პრობლემა იყო და სისხლდენა იქედან მოდიოდა. მაგრამ მიზეზს ეძებდნენ. მიზეზის ძებნაში დრო გადიოდა და ამ მიზეზსაც ვერ იგებდნენ“, – განაცხადა ირაკლი აბრამიშვილმა.