მაიკლ (მიხეილ) ფომენკო, რომელმაც ავსტრალიის ჯუნგლებში 60 წელი გაატარა, 89 წლის ასაკში კვინსლენდის შტატში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Daily Mail-ს მისმა დამ ინსესამ დაუდასტურა. გავრცელებული ინფორმაციით “ტარზანი” 1930 წელს საქართველოში, თავადის ასულ ელისაბეტ მაჩაბელისა და სპორტცმენ დანილა ფომენკოს ოჯახში დაიბადა.
იმავე წელს ოჯახი ჩინეთში გაიქცა და იაპონიის ინტერვენციის შემდეგ სიდნეიში გადასახლდა. ავსტრალიაში ფომენკოს წარმატებულ სპორტულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, 1956 წლელს მელბურნში ოლიმპიადაზე მონაწილეობისათვის წარადგინეს, მაგრამ ფომენკო ავსტრალიის ტყეებში საცხოვრებლად გადავიდა, სადაც ნადირობით ირჩენდა თავს. უჩვეულო ცხოვრების წესის გამო მას “ტარზანი” შეარქვეს. ის პრესის ყურადღებას იქცევდა. ფომენკო 1960 წელს ფსიქიურად ავადმყოფად შერაცხეს და იძულებით მკურნალობდნენ, მათ შორის ელექტროშოკის მეთოდითაც. ფსიქიატრიულიდან გამოსვლის შემდეგ “ტარზანი” ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა. ველურ ბუნებაში ის 2012 წლამდე ცხოვრობდა, მერე მოხუცთა თავშესაფარში გადაიყვანეს. სადაც 17 აგვისტოს გარდაიცვალა.

