“იაკობი ვინაა, რომ პირადი პატიმრები ჰყავს – იქით მამა გიორგი, აქეთ – დედა თამარი” – მონაზონი თამარი მეუფე იაკობს უპირისპირდება

"იაკობი ვინაა, რომ პირადი პატიმრები ჰყავს - იქით მამა გიორგი, აქეთ - დედა თამარი" - მონაზონი თამარი მეუფე იაკობს უპირისპირდებაგაზეთი „ვერსია“ ჯვრის მამის მონასტერში მცხოვრები მონაზონის დედა თამარის შესახებ წერს, რომელიც აცხადებს, რომ მას მეუფე იაკობი ებრძვის და მის განადგურებას ცდილობს.

მონაზონი თამარი შშმ პირია და ეტლით გადაადგილდება. მისი კელია მეორე სართულზეა განთავსებული, ის კიბით ვერ სარგებლობს და ლიფტი სჭირდება, რომელიც 4 თვეა არ მუშაობს. დედა თამარის განცხადებით, ის მეუფე იაკობის მითითებით, 4 თვეა შინაპატიმრობაშია და ამ ხნის მანძილზე საპატრიარქოდან არავინ ეკონტაქტება.

მისი თქმით, მეუფე იაკობი შეპირდა, რომ გადასაადგილებლად ტრანსპორტს შეუძენდა, თუმცა 7 თვე გავიდა, შემდეგ კი მეუფისგან პასუხი მიიღო, რომ მანქანას არ შეუძენდა თუნდაც თავი მოეკლა.

„ბოლოს მეუფემ თქვა, აღარ ვყიდულობ მანქანას, თუ გინდათ, დედაომ თავი მოიკლასო… პატრიარქის თანამოსაყდრის მამა შიოს მოადგილე მამა ანდრიამ მითხრა, რომ ამ ლიფტის შეკეთებას ჩვენ ვაკონტროლებთო, მაგრამ ასე არაა. ამ ლიფტში რამდენიმეჯერ ჩავვარდი და ერთხელ, ხერხემლის მალებიც კი მოვიტეხე.

შორენა შვილივით მიყვარს, ამხელა სიყვარული რატომ ვერ დაინახა და რას მერჩის ვერ გამიგია. იაკობი რომ მეჭიდავება და მე ვპასუხობ, თურმე ამით საპატრიარქოსა და ეკლესიას ვურტყამ! იაკობია საპატრიარქო და ეკლესია? როდემდე და რატომ უნდა დაიმალოს ეს სიბინძურე?

მეუფე იაკობი ამბიონიდან აცხადებს, ჩემს პატრიარქს დავიცავო, მაგრამ უწმინდესი იაკობზე მეტად რომ მიყვარს, ეს ღმერთმაც იცის და ხალხმაც. იაკობი პატრიარქის დასაცავად კი არა, მისი სკამისთვის იბრძვის, იმ სკამისთვის, რომელზეც უწმინდესი ზის! რად უნდა მისი დაცვა, პატრიარქს უფალი იცავს, ხოლო პატრიარქი ჩვენ, მთელ საქართველოს! ვის სჭირდება იაკობის დაცვა, ეგ ვისი დამცველია? ვის იცავდა, იცით, მკვლელებსა და „მხედრიონელებს“, ხოლო ჩვენ ზვიადისტებს გვებრძოდა… ვიდრე ცოცხალი ვარ, იაკობი საპატრიარქო სკამს ვერ ეღირსება და ამას ხმამაღლა ვამბობ! მთელ საქართველოს გამოვიყვან და მაგის კაიკაცობას ხმამაღლა ვიტყვი, ჭკვიანად იყოს და ნუ მემუქრება! დღეს მისი პატიმარი ვარ და ჩემი ადამიანური უფლებები დარღვეულია. იაკობი ვინაა, რომ პირადი პატიმრები ჰყავს- იქით მამა გიორგი, აქეთ- დედა თამარი? ჩუმად რატომ უნდა ვიყო, ფულის მონა ვარ, მათსავით? ამას ოქროსა და ბრილიანტის ჯვრებით გამშვენებულები მიკრძალავენ? ვინ გაყიდა უფალი? მღვდელმთავრებმა, მწიგნობრებმა გაყიდეს, ესენი ახლაც 30 ვერცხლობანას თამაშობენ და ამიტომ ხმა ჩაიწყვიტოს ყველამ! აქედან მომაშორებს კი არა, ვიდრე ცოცხალი ვარ, პატრიარქობას ვერ ეღირსება და ვინ ვის მოაშორებს, დავანახვებ!“- აცხადებს მონაზონი.