,,ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი: ობიექტი გამიზნულად დაწვეს, დაზარალებულთა მოთხოვნა კი რეალობასთან შეუსაბამოა

,,ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი: ობიექტი გამიზნულად დაწვეს, დაზარალებულთა მოთხოვნა კი რეალობასთან შეუსაბამოა,,ბავშვთა სამყაროს’’ ხანძრის შედეგად დაზარალებულები პროკურატურისგან დამატებით ინფორმაციას ელოდებიან. საპროტესტო აქციების შემდეგ, მთავარ პროკურორს შეხვდნენ და გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააცნეს. მათი ძირითადი მოთხოვნა დამნაშავეების დასჯა და ზარალის ანაზღაურებაა.

შეგახსენებთ, რომ დაზარალებულთა ნაწილმა აქცია 12 ოქტომბერს პროკურატურის წინ გამართა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, პროტესტის უკიდურესი ზომით, თავის დაწვით იმუქრებოდნენ.

დაზარალებულთა ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, ზიანის ანაზღაურება ხელისუფლებისა და ,,ბავშვთა სამყაროს’’ ადმინისტრაციის პირდაპირი ვალდებულებაა, თუმცა, პროკურატურა და ხელისუფლება შესაძლო დამნაშავეებს ხელს აფარებს.

დამნაშავეების გამოვლენა და მათი დასჯა არის ,,ბავშვთა სამყაროს’’ დირექტორის, გიორგი მაჭავარიანის ძირითადი მოთხოვნა. მისი განცხადებით, ,,ბავშვთა სამყარო’’ მიზანმიმართულად არის დამწვარი. ,,მთავარი დაზარალებული არის თავად ,,ბავშვთა სამყარო’’ და უნდა დადგინდეს თუ ვინ დაწვა ის. რაც შეეხება დაზარალებულებს, ამტკიცებენ, რომ ორ კვადრატ ფართობში ჰქონდათ, დაახლოებით, ასი ათასობით დოლარის ღირებულების საქონელი, რაც შეუძლებელი და შეუსაბამოა. უმეტესობა მათგანს არ გააჩნია შესაბამისი დამამტკიცებელი დოკუმენტი. ამიტომ, ჩემი ვარაუდით, გარკვეული ნაწილი იტყუება.’’– განაცხადა ,,ბავშვთა სამყაროს’’ დირექტორმა.

გიორგი მაჭავარიანი პროკურატურას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. ,,კანონი არსებობს საქართველოში და ყველამ იმ კანონის დაცვით უნდა ვიმოქმედოთ, თუმცა, პროკურატურა ,,ბავშვთა სამყაროს’’ მიმართ არ აკეთებს სათანადო მოქმედებებს. უნდა დადგინდეს თუ ვინ დაწვა და ვინ მიაყენა ზარალი ბავშვთა სამყაროს, უნდა გაირკვეს ყველა ის მხარე, ვინც ამ საქმეშია ჩართული.’’ – გიორგი მაჭავარიანი.

როგორც ,,ბავშვთა სამყაროს’’ დირექტორმა აღნიშნა, დაზარალებულთა ძალიან დიდ ნაწილს სააქციო საზოგადოება წარმოადგენს. ,,მიუხედავად იმისა, რომ მათ დაკარგეს აქციები და აქვთ ძალიან დიდი ზარალი, ისინი დღემდე არ არიან დაზარალებულად მიჩნეულნი.’’ – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ ,,ბავშვთა სამყაროს’’ შენობაში ხანძრის გაჩენის შემდეგ, წელიწადისა და რვა თვის განმავლობაში, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასეულობით საგამოძიებო და საპროტესტო აქცია ჩატარდა. გამოკითხული 849 პირიდან კი დაზარალებულად 695 მათგანი არის ცნობილი.

bfm