თბილისის მერს „ქრონიკაში“ ზაზა სარალიძის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, რაზეც კახა კალაძემ უარი თქვა და ერთი ფრაზით შემოიფარგლა.
„ძაან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ერთს ვიტყვი, რომ მე პატივს ვცემ ზაზა სარალიძის შვილისა და ჩემი გარდაცვლილი ძმის ხსოვნას, ამიტომ ამ თემას არ შევეხები”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
„კალაძეს არ რცხვენია? ოთხი შვილის მამა ყოფილა მით უმეტეს? თუ თავისნაირი ნაგავი უნდა გაზარდოს ის შვილები? მარა კალაძეს რა უნდა ველაპარაკო, საკუთარი ძმა მოაკვლევინა“, – უთხრა სარალიძემ ჟურნალისტებს.
ზაზა სარალიძე ოცნების ოფისთან მივიდა და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვდა. მმართველი პარტიის ოფისთან აქცია მიმდინარეობდა, სადაც ნაციონალური მოძრაობის და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
კახა კალაძის უმცროსი ძმა, სტუდენტი ლევან კალაძე 2001 წლის მაისში უცნობმა პირებმა გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, მოგვიანებით გამტაცებლებმა ოჯახს გამოსასყიდ თანხაზეც უარი უთხრეს. საქმეზე ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს მერაბ ამისულაშვილი, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაული აღიარა, რის გამოც, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ამისულაშვილის ჩვენების საფუძველზე, საზღვარგარეთიდან ექსტრადირებულ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ სამი წევრი: შვეიცარიიდან – დავით ასათიანი, სანქტ-პეტერბურგიდან – ლევან ცინცაძე, საფრანგეთიდან კი – თემურ გაგნიძე. სასამართლომ მათი ბრალი დადასტურებულად ცნო და დავით ასათიანსა და ლევან ცინცაძეს – 25-25 წლით, ხოლო თემურ გაგნიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2006 წლის იანვარში ვაზისუბნის ხევში ნაპოვნი გვამი (ადგილი ამისულაშვილმა მიუთითა) სამართალდამცველთა მტკიცებით, ლევან კალაძის იყო, რაც ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებულმა დნმ-ის ტესტის პასუხმაც დაადასტურა. ლევან კალაძის გატაცებიდან 5 წლის შემდეგ ოჯახს მისი ცხედარი არა სრულად, არამედ მხოლოდ ფრაგმენტები – რამდენიმე ძვალი გადასცეს.
იმედინიუსი

