მეშახტეთა ნაწილი პროტესტის ნიშნად შახტში რჩება

მეშახტეთა ნაწილი პროტესტის ნიშნად შახტში რჩებატყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში დღეს დილით, ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად ჩასული მეშახტეები შახტიდან აღარ ამოვიდნენ. 25-მდე მეშახტე ამ დროისთვის ძიძიგურის შახტში, 300 მეტრ სიღრმეზე რჩება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მეშახტე ხვიჩა გაბუნიამ განუცხადა, მანამდე დარჩებიან შახტში, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ, დაუყოვნებლივ აღდგეს შახტებში საწარმოო პროცესი და მაქსიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები. მეშახტეებს კომპანიის მიმართ პრეტენზია და მოთხოვნები არ აქვთ.

ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები ხვალ, 12:00 საათისთვის ტყიბულის მერიის წინ აქციას გაანახლებენ.