”ნოდარ ვაშაძე შშმ პირია, თეიმურაზ გორჯესტანმა უნდა მოიხადოს ბოდიში! საზოგადოება ვართ თუ ჯოგი?!” – ანა ნაცვლიშვილის მიმართვა

”ნოდარ ვაშაძე შშმ პირია, თეიმურაზ გორჯესტანმა უნდა მოიხადოს ბოდიში! საზოგადოება ვართ თუ ჯოგი?!” - ანა ნაცვლიშვილის მიმართვაპრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა ბოდიში უნდა მოიხადოს.

ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა თეიმურაზ გორჯესტანის განცხადებას, სადაც მან გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შვილი ნოდარ ვაშაძე დებატებში გამოიწვია.

„თეიმურაზ გორჯესტანმა უნდა მოიხადოს ბოდიში! იმის მიუხედავად, იცოდა თუ არა ვისზე საუბრობდა. თუ იცოდა და ეს გააკეთა – ამას ბოდიშიც ვერ უშველის! როგორც ცნობილი გახდა, ნოდარ ვაშაძე შშმ პირია, ამაში არც დასამალი, მითუფრო – სასირცხვილო არაფერია. რა დარტყმა, რის შავი პიარი ამ თემაზე, ხალხო. საზოგადოება ვართ, ბოლოსდაბოლოს თუ ჯოგი?! ნებსით თუ უნებლიეთ, ნუ ვამისამართებთ ამ ადამიანებს ჩაბნელებული, მოფარებული ოთახებისკენ, ნუ ვაქცევთ ამ საკითხებს ყურში ჩურჩულის და პუტუნის თემად.

ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი, „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შვილს, ნოდარ ვაშაძეს დებატებში იწვევს. როგორც თეიმურაზ გორჯესტანმა 21 ნოემბერს, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, მას აინტერესებს სად არის ნოდარ ვაშაძე.