ვახტანგ ძაბირაძე – “ხალხს სააკაშვილის ჩამოსვლით ვეღარ შეაშინებენ, 9 წელი აღარ მუშაობს”

ვახტანგ ძაბირაძე - "ხალხს სააკაშვილის ჩამოსვლით ვეღარ შეაშინებენ, 9 წელი აღარ მუშაობს"პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, ის რეალობა, რომელიც არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, “ქართულმა ოცნებამ” რამდენად გააანალიზა?
– ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს და ეს ამ შედეგებმა აჩვენა, მაგრამ მთავარი არის, რამდენად სწორად აკეთებს ამის ანალიზს. რამდენად იპოვის ამ სიტუაციიდან გამოსავალს.
პირველი რეაქციები უკვე იყო. თუნდაც კანაფის შესახებ კანონპროექტი, რომლის გაწვევაზეც უკვე გვითხრეს. თუმცა, ეს უკვე აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება ბოლომდე ცდილობდა ამ კანონპროექტის შენარჩუნებას.
არც ამაში არ არის საქმე. ზოგადად რთული გადაწყვეტილებების წინაშე დგას ხელისუფლება. მთავარია, ამ ნაბიჯებს ელექტორატი როგორ აღიქვამს და რამდენად ირწმუნებს. პრობლემის სირთულე ის არის, რომ ელექტორატმა და თუნდაც “ოცნების” მხარდამჭერებმა არ აღიქვან ეს ნაბიჯები უკანდახევად და დამარცხებად.
ეს ასე არც ნაციონალურმა მოძრაობამ არ უნდა აღიქვას. ამიტომ არის რთული ნაბიჯები გადასადგმელი. მთლიანად სტრატეგიაა შესამუშავებელი. ამ ეტაპზე თუ მხოლოდ იმით შემოიფარგლებიან, რომ ორგანიზაციულ მხარეს გააძლიერებენ და სხვა არაფერი, ეს არ იქნება საკმარისი, რადგან მათ დამატებით 200 ათასი ხმა სჭირდებათ. მილიონ 800 ათასი ამომრჩეველი მაინც უნდა მივიდეს არჩევნებზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს არჩევნები პატიოსნად მოიგოს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ გააყალბონ.
– 200 ათასით გაიზარდა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი. თქვენ, ადრე თქვით, რომ რაც აკლდება “ქართულ ოცნებას”, ის არ ემატენა ნაციონალურ მოძრაობას. ვინ დაემატა ნაციონალურ მოძრაობას?
– ნაციონალურ მოძრაობას დაემატა ის ამომრჩეველი, რომელიც ფრთხილობდა და რომელიც მოლოდინის რეჟიმში იყო. ბოლო პერიოდში მოხდა გარდატეხა და ნაციონალებს დაუბრუნდა ის თავისი ამომრჩეველი, რომელიც ფრთხილობდა და არჩევნებზე არ მიდიოდა.
ოქტომბრის მეორე ნახევარში იმასაც კი ვფიქრობდი, სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში გავიდოდა თუ არა. “ქართულმა ოცნებამ” ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით უამრავი შეცდომა დაუშვა, თანაც 2016 წლიდან მათი რეიტინგი ეცემოდა და კლების რეჟიმში იყო.
მე ხელისუფლებას ვეუბნებოდი, რომ მათ მხოლოდ ეს ერთი წელი ჰქონდათ, ცუდად მიმავალი პროცესი რომ შემოებრუნებინათ, მაგრამ არათუ არ შემოატრიალეს, პირიქით, უარესი ქნეს.
– იყო მოსალოდნელი, რომ ნაციონალურ მოძრაობა ამ შედეგს მიიღებდა?
– სიმართლე გითხრათ, ამხელა ნახტომს მაინც არ ველოდი. ეს გამოიწვია იმან, რომ ამომრჩეველი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ წავიდა. აღმოჩნდა, რომ ამ ხალხისთვის სულ ერთია, სააკაშვილი დაბრუნდება თუ არ დაბრუნდება.
– გამოდის, 9 წელმა არ იმუშავა.
– პირიქით, იმუშავა. ამ ყველაფერს ანალიზი სჭირდებოდა, სწორი ტაქტიკა იყო საჭირო და რეალობისთვის თვალებში ჩახედვა და არა – წაყრუება.
– მაინც რამ იქონია გავლენა?
– ბევრი ფაქტორი ერთად მუშაობდა. პრობლემატური იყო კანდიდატი, პრობლემატური იყო ფარული ჩანაწერები, პრობლემატური იყო ივანიშვილის ის ორი ინტერვიუ, რომელმაც ადამიანები საწინააღმდეგოდ განაწყო.
თუ ამ სტილში გააგრძელებს “ქართული ოცნება”, მაშინ არაფერი გამოვა. თუმცა, რესურსი, ვფიქრობ, მაინც არის, მაგრამ რამდენად შეძლებს მის ამოქმედებას, ეს რთული სათქმელია.
– ამ შედეგებზე შუაშისტების წილი როგორია, მათი ნაწილი ნაციონალების მხარეს გადაიხარა?
– ნაწილი გადაიხარა და ნაწილი არ მივიდა არჩევნებზე. რეზერვი, რომელზეც მე ვთქვი, სწორედ ის ნაწილია შუაშისტების, რომლებიც არჩევნებზე არ მივიდნენ. ამომრჩევლის ამ ნაწილის მიყვანა შესაძლებელია, მაგრამ ძალიან გაუჭირდება “ოცნებას”, რადგან მხოლოდ სწორი და რაციონალური გათვლებით არის ეს შესაძლებელი. რესურსი არის, მაგრამ შეძლებს კი “ოცნება” ამ რესურსის გამოყენებას?! ეს არის პრობლემა.
– კალაძის პირველი განცხადების შემდეგ, როდესაც მან კენჭები სალომე ზურაბიშვილისკენ ისროლა, ის შეეცდება სხვა მიმართულებით წასვლას თუ კვლავ ივანიშვილის ქოლგის ქვეშ დარჩება?
– ჯერ კახა კალაძე ივანიშვილის ქოლგის ქვეშ რჩება. ეს თუნდაც იმ გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომელიც მიიღეს, რომ კალაძე თბილისის შტაბს უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება იმ განცხადებას, მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ემოციური განცხადება იყო, ვიდრე პოლიტიკური გზავნილის შემცველი განცხადება. ასეთი განცხადების შემდეგ ცოტა უხერხულია, რომ იმ გუნდში რჩები. პოლიტიკას არ უყვარს მსგავსი განცხადებები, რადგან ის პრობლემებს აჩენს. კალაძეს პრობლემა გაუჩნდა. თუმცა, პროცესი როგორ განვითარდება, ეს მეორე ტურის შედეგებზეა დამოკიდებული.
“ქართულმა ოცნებამ” ყველა დიდი ქალაქი წააგო. ეს პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ხელისუფლებაშია, სერიოზული სიგნალია. ამიტომ, მარიხუანას კანონპროექტის გაწვევა და ვიღაცის დაკავება ვერ იქნება იმ შედეგის მომტანი, რომელიც მათ სჭირდებათ. ეს მხოლოდ დამატებითი ფაქტორები უნდა იყოს.
“ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო არჩევნებში საპარლამენტო არჩევნების თემები უნდა შემოიტანოს, თემები, რომელთაც მთავრობა გაატარებს და ეს დღეს ივანიშვილმა უნდა გაახმოვანოს, მაგრამ შეუძლიათ კი?!
დღეს სალაპარაკოა არა იმაზე, თუ რა იქნება ერთი თვის შემდეგ, არამედ იმაზე, იმის შემდეგ რა იქნება და საერთოდ როგორ წარმოუდგენიათ მომავალი. ასევე, ძალიან გახსნილად და გულწრფელად უნდა ილაპარაკონ იმ შეცდომებზე, რომლებიც იყო და რომელთაც ადამიანები, ამ ქვეყნის მოქალაქეები საკუთარი თვალით ხედავდნენ.
თუ ისინი ისევ იგივეს აპირებენ, რომ სააკაშვილი მოვა, ეს ყველაფერი შავი პიარის ბრალია და ა.შ. მაშინ ჩათვალეთ, რომ მოხდება ის, რაც უკვე მოხდა. “9 წელი” კარგა ხანია, აღარ მუშაობს, ეს უნდა გაიგოს “ქართულმა ოცნებამ” და თუ ვერ გაიგებს, მაშინ მოხდება ის, რაც მოხდა.
ქართველი საზოგადოება ცოტა სხვა საზოგადოებაა. მთავრობის სახლის წინ ეს საზოგადოება იკრიბებოდა სულ უმნიშვნელო მოთხოვნით და საღამოს უკვე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა ჰქონდა. თუ ამას ვერ გაითვალისწინებენ, მაშინ გაუჭირდებათ.
დღეს ხალხი უკვე იძახის, ჩამოვიდეს ეს სააკაშვილი! ამიტომ ვამბობ, რომ სხვაა საჭირო, ქმედებაა საჭირო, სწორი გეგმებია საჭირო.
ერთი, რაც შემიძლია დღეს დანამდვილებით გითხრათ, არის ის, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ 1%-ით მოიგებს არჩევნების მეორე ტურს, მაშინ ეს მოგება არ იქნება. ეს იქნება საზოგადოების კვლავ ორად გახლეჩა, რაც მომდევნო ორ წელიწადში კარგს არაფერს მოუტანს არც “ქართულ ოცნებას” და არც – ქვეყანას.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა