“ქალისთვის მარტო ცხოვრებას ცუდი ქორწინება ჯობია” – 7 ფაქტი საქართველოს დიასახლისების შესახებ

"ქალისთვის მარტო ცხოვრებას ცუდი ქორწინება ჯობია" - 7 ფაქტი საქართველოს დიასახლისების შესახებ“დიასახლისები, აცხადებენ, რომ მუშაობა არ უნდათ,” – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია.

რატომ არიან ქალები ეკონომიკურ აქტივობაში არასათანადოდ წარმოდგენილნი – ამას არაერთი კულტურული და სოციალური მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მათ მნიშვნელოვან ნაწილს შეიძლება სურვილიც აქვს, რომ ფორმალური სამუშაო ადგილი ჰქონდეს, თუმცა ამაში ხელს რიგი ბარიერები უშლიდნენ. ათასობით დიასახლისის მიერ უანგაროდ შესრულებული სამუშაო, ხშირ შემთხვევაში უფრო დატვირთული და საპასუხისმგებლოა, ვიდრე ფორმალურ სექტორში დასაქმება.

ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დონორების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგად, ნათელ სახეს იძენს თუ რა მასშტაბებისაა ის ბარიერები, რომელთაც ქალები აწყდებიან:

1. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 12%-ით უფრო დიდი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ქალები, რომლებიც ახლა დიასახლისები არიან, არაფორმალურ სექტორს თავს დააღწევდნენ და ეკონომიკურ აქტივობაში მამაკაცების მსგავსად ჩაერთვებოდნენ. შრომითი ასაკის მოსახლეობაში სქესთა შორის განსხვავება 27%-ს შეადგენს.

2. გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალთა 49%-ის თქმით, ისინი საოჯახო ვალდებულებების გამო არ მუშაობენ. ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალთა ეკონომიკური არააქტიურობის მთავარი მიზეზი საზოგადოებაში შრომის გენდერული ნიშნით დაყოფა და მასთან დაკავშირებული არაანაზღაურებადი მზრუნველობითი სამუშაოს ტვირთია, რომლის შესრულებაც ძირითადად ქალებს უწევთ. იმავე კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალები აღნიშნავენ, რომ ისინი საშინაო საქმეებს კვირაში 45 საათს უთმობენ.

3. “რამდენად რთულია ან არ არის რთული დასაქმებული ქალებისთვის ოჯახისა და სამსახურის შეთავსება?”, –  ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ეს კითხვა დაუსვა საქართველოს მოსახლეობას. ქვეყნის მოსახლეობის 73% მიიჩნევს, რომ ქალებისთვის ოჯახისა და სამსახურის შეთავსება რთულია. ეს კი მაშინ, როდესაც მამაკაცებისთვის ამ ორის შეთავსება კულტურულად მიღებულ მოვლენას წარმოადგენს.

4. NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 65% ფიქრობს, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის უკეთესია თუ დედამისი არ მუშაობს.

5. NDI-ის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 55% ეთანხმება ფრაზას – “საქართველოში ქალები ვერ მიაღწევენ ისეთივე პროფესიულ წარმატებას როგორც კაცები, რადგან ისინი პირველ რიგში, ოჯახზე ზრუნვაზე არიან პასუხისმგებლები.”

6. NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 77% ეთანხმება ფრაზას – “ქალისთვის მარტო ცხოვრებას, ცუდი ქორწინება ჯობია.”

7. “თუ ოჯახში მხოლოდ ერთი ბავშვია, რა სქესის აჯობებს, რომ იყოს ეს ბავშვი?”- NDI-ის მიერ დასმულ ამ კითხვაზე 2.9-ჯერ უფრო მეტი ადამიანი პასუხობს, რომ მისთვის უფრო სასურველი ბიჭიa. ამ პასუხს არაერთი კულტურული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ერთ-ერთი კი შესაძლოა იყოს ის, რომ საქართველოს რეალობაში მამაკაცები უფრო მაღალ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას აღწევენ და ზოგადად უკეთესი ფინანსური შემოსავალი აქვთ ვიდრე ქალებს. ამის გამო, მშობლებისთვისაც ასეთი შვილის ყოლა უფრო პრიორიტეტული შეიძლება იყოს. კვლავ უმძიმეს პრობლემას წარმოადგენს შერჩევითი აბორტების საკითხი. საქართველოში ყოველ 100 დაბადებულ გოგოზე 112 ბიჭი იბადება – ეს მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.