კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა პროკურატურის მისაღებში შიმშილობა დაიწყეს

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა პროკურატურის მისაღებში შიმშილობა დაიწყესზვიად გამსახურდიას შვილებმა, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა პროკურატურის მისაღებში შიმშილობა დაიწყეს. ძმები ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ.

„დღემდე არსებულმა ხელისუფლებებმა და კონკრეტულად დღევანდელმა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების საქმე მოიყვანეს იმ კრიტიკულ წერტილამდე, როდესაც იგი შეიძლება სულ რაღაც 2 კვირაში, 31 დეკემბერს დაიხუროს ხანდაზმულობის გამო. დიახ, კანონით ასეა. მიუხედავად იმისა, რომ იყო საკმარისი სამხილები მაშინდელი, ჯერაც საბჭოთა „კგბ“-ს კადრებით დაკომპლექტებული, ფორმით ქართული, შინაარსით კი რუსული სპეცსამსახურების იმ კადრების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ზვიად გამსახურდიას დევნასა და მკვლელობაში, საქართველოს პროკურატურას საქმის გაწელვის გარდა არაფერი ქმედითი არ გაუკეთებია დღემდე. ახლაც დაიბარეს ასეთივე კალიბრის კონკრეტული მაღალჩინოსანი, რომელიც გამოკითხვისას, რასაკვირველია, ყველაფერს უარყოფს, თავად საგამოძიებო უწყება კი ვერ ბედავს კრიტიკულად შეხედოს ან ეჭქვეშ დააყენოს მისი ჩვენების სისწორე. უნიათობა თუ რეაგირება პოლიტიკური ნების არარსებობაზე? ისმის კითხვა. ალბათ ერთიც და მეორეც, არის პასუხი.

დღესაც, პროკურატურაში მოსულთ იგივე სიტუაცია დაგხვდა, ამიტომაც ვაცხადებთ შიმშილობას პროტესტის ნიშნად მთავარი პროკურატურის მისაღებში, ვახტანგ გორგასლის ქ. 24, რათა ბოლოს და ბოლოს სამართალი აღსრულდეს და ეს საქმე გამოძიებულ იქნეს. უშუალოდ მკვლელის, ასევე მკვლელობაში ჩართული პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას! ასევე შევიდეს ცვლილება ორგანულ კანონში, რათა განსაკუთრებულ შემთხვევებს არ შეეხოთ ეს ხანდაზმულობა. იძულებული ვარ გადავდგა ეს ნაბიჯი მიუხედავად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა“, – აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.

როგორც “ნიუპოსტს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, რამდენიმე წუთში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელობა შეხვდება კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს.